საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აჭარის რეგიონში არსებული 47 ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმება განხორციელდა.
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და "ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევის გამო 13 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს საჯარიმო სანქცია 280 400 ლარის ოდენობით დაეკისრა, ხოლო 34 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს გაუუქმდა რეგისტრაცია.
საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ახორციელებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მონიტორინგს და ახდენს რეაგირებას ნებისმიერ გამოვლენილ დარღვევაზე. ქვეყნის მთავარი ბანკი მომავალშიც მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობა და ასევე დაცული იყოს მომხმარებლის უფლებები.
ამასთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მომხმარებელს, რომ ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ ინფორმაცია როგორც გაცვლითი კურსის, ისე მომსახურების საკომისიოს შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე 2 406 406 ან მოგვწეროთ - cp@nbg.gov.ge.