„საქართველოს რკინიგზა“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს.
აღნიშნულ განაცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს რკინიგზა“ ახორციელებს თავის საქმიანობას წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვით. კომპანია მუდმივად აწარმოებს ანგარიშგებებს, რომელსაც ითვალისწინებს როგორც ქართული კანონმდებლობა, ასევე, ლონდონის საფონდო ბირჟა.
„საქართველოს რკინიგზის“ აუდიტორი გახლავთ მსოფლიოს ოთხეულში შემავალი „კეიპიემჯი“, ხოლო იურიდიულ კონსულტაციებს გვიწევს კომპანია „დეკერტი“. „საქართველოს რკინიგზას“ ლოჯისტიკური საქმიანობისთვის აქვს დაფუძნებული შვილობილი კომპანიები: „GR ტრანზიტი“, „GR ლოჯისტიკა და ტერმინალები“, “GR ტრანზიტ ლაინი“, „GR ტრანს შიფმენტი“. ამ კომპანიების 100%-იანი წილის მფლობელი არის სააქციო საზოგადოება “საქართველოს რკინიგზა” და შესაბამისად, მათი ფინანსური საქმიანობის კონსოლიდირება ხდება „საქართველოს რკინიგზის“ ფინანსურ ანგარიშგებებში. თითოეული ეს კომპანია დარეგისტრირებულია საქართველოში ქართული კანონმდებლობის საფუძველზე. 16 მაისს მომზადებული სიუჟეტი არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, სიუჟეტში მოცემული ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნულ კომპანიათა სარეგისტრაციო მონაცემები არის საჯარო რეესტრში და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.