წინა წელთან შედარებით ავსტრიიდან ინვესტიციები 23%-ით გაიზარდა და 23 მილიონი დოლარი შეადგინა.
"ჯამურად ეს არ არის დიდი ციფრი, თუმცა ტენდენცია არის მიმართული ზრდისკენ და ეს არის მთავარი. საქართველოში შემოსულია ავსტრიული კომპანიები“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა საქართველო-ავსტრიის ბიზნეს ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ერთ-ერთი ავსტრიული პროექტი გურიაში ხორციელდება. ადგილზე ხილისა და წვენების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, პროექტს ავსტრიული მხარე კომპანია „წყალი მარგებელთან“ ერთად ახორციელებს.
„ავსტრიის მხარე საქართველოში ძირითადად სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მცირე მრეწველობის სფეროებითაა დაინტერესებული. ავსტრია ისეთივე ტიპის ქვეყანაა, როგორიც საქართველო და მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა კომპანიებმა გამოიყენონ ამ ქვეყნის გამოცდილება,“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშილმა.
თავის მხრივ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ავსტრიულ მხარესთან ერთად პალატა პროფესიული განათლების კუთხით და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიმართულებით პროექტების განხორციელებას აპირებს. ჩიქოვანის ინფორმაციით, პროექტი ავსტრიული დაფინანსებით განხორციელდება.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს არის ავსტრიული ბიზნესდელეგაციის მეექვსე ვიზიტი. დღეს საქართველოსა და ავსტრიას შორის შედგება მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის შეხვედრა. ასევე დაგეგმილია სამოცამდე ორმხრივი შეხვედრა ქართულ და ავსტრიულ კომპანიებს შორის,“ - განაცხადა ჩიქოვანმა.
საქართველო-ავსტრიის ბიზნეს-ფორუმს 17 ავსტრიული კომპანია დაესწრო. ღონისძიებაში ქართული მხრიდან 50-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
საქართველო-ავსტრიის ბიზნეს-ფორუმი „თბილისი მარიოტში“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა, ავსტრიის მეცნიერების, კვლევისა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ბერნადეტე გერლინგერმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ შენცმა გახსნეს.