აქციზის გაძვირებას მანქანების იმპორტზე არ უმოქმედია

ავტობიზნესით დაკავებული ადამიანები იმპორტის კლებაზე ჩივიან, მაგრამ ოფიციალური მონაცემები სულ სხვას ასახავს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, საავტომობილო საშუალებების იმპორტის ზრდა აშკარაა და ადასტურებს, რომ ამ პროცესს განბაჟების ტარიფის გაძვირებამაც ვერ უშველა. "საქსტატის" მონაცემებით, 2017 წლიდან ავტომობილებზე აქციზის ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი თანხობრივ გამოსახულებაში იზრდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 4 მილიონი დოლარით გაიზარდა. პირველ კვარტალში მათი იმპორტი 105 მილიონი დოლარი იყო მაშინ, როცა 2016 წლის იანვარში 101 მილიონი დოლარი შეადგინა.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ავტომობილების შემოყვანა გაზრდილია, "ეკოტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის - ვასო ურუშაძის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების დაბალ დონეს უკავშირდება.

"თანხობრივად იმპორტი გაზრდილია იმის გამო, რომ ავტომობილების შემოყვანა გაძვირებულია. საუბარი არც იყო, რომ აქციზის მაღალი გადასახადის გამო მანქანებზე მოთხოვნა შეწყდებოდა. მომხმარებელს გაუძვირდა კონკრეტული ნივთი, მაგრამ ინტერესი არ განელებულა. დღესაც დიდია მოთხოვნა იმის გამო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქვეყანაში არის გაუმართავი, როგორც შიდა საქალაქო, ასევე საქალაქთაშორისო.

ახალი ავტოსალონების გახსნის ტენდენციაც მზარდია. ჩამოჰყავთ ახალი სატრანსპორტო საშუალებები, შეიძლება არ მიმდინარეობს მათი აქტიური რეალიზაცია, მაგრამ იმპორტი ხომ ხორციელდება? შემოყვანილი მანქანები ზოგი ნაავარიებია და ზოგიც საშინლად გაუმართავი, ადგილზე არემონტებენ და მერე ყიდიან. ყველაფერი ეს საბოლოოდ იმპორტის მაჩვენებლებში აისახება", - აცხადებს ურუშაძე და დასძენს, რომ მთავარი გამოწვევა ქვეყნისთვის ავტოპარკის განახლებაა.

"მანქანები რეალურად გაძვირებულია. სიმართლე არ იქნება, თუ ვინმე იტყვის, რომ ახალი ავტომობილები კარგად იყიდება. ასე ნამდვილად არ არის. ადგილობრივ ბაზარზე მანქანები ისევ მოთხოვნადია, დიდად არც მომხმარებლის ნაკლებობა შეიმჩნევა. ყველა სეგმენტს თავისი მომხმარებელი ჰყავს", - დასძენს ურუშაძე.

მიუხედავად ამისა, ავტოიმპორტიორი კომპანიები შეკვეთების შემცირებაზე საუბრობენ. მათი თქმით, ამის მიზეზი 2017 წლიდან მსუბუქი ავტომობილების გარკვეულ კატეგორიაზე აქციზის ზრდაა.

როგორც კომპანია "რობანი მოტორსის" თანადამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე "ბიპიენთან" აღნიშნავს, ბოლო დროს მათ კომპანიას შეკვეთები გაუნახევრდა.

"მოქალაქეები, რომლებიც მანქანის გამოცვლასა და განახლებაზე ფიქრობდნენ, ახლა გაჩერებული არიან. ასე თუ გაგრძელდა, საქართველოში ავტოპარკი ვეღარ განახლდება. ცოტა ხანი მოითმინეთ და ნახავთ, რა დონემდე დავა ის მანქანები, რომლებიც ქალაქში მოძრაობს. რეალიზაცია გაგვინახევრდა, ძალიან რთულ დღეში ვართ", - აცხადებს ჯამაგიძე.

"კავკასიის ავტოიმპორტის" ხელმძღვანელის მოადგილე დავით გულაშვილი განმარტავს, რომ იაპონიიდან იმპორტირებულ მარჯვენასაჭიან ავტომოილებზე აქციზის გასამმაგებამ გაანულა საქართველოში ამ ტიპის მანქანების იმპორტი. ბოლო პერიოდში იაპონიიდან ყოველთვიურად დაახლოებით 2 ათასი ავტომობილი შემოდიოდა, ახლა ეს კატეგორია - როგორც მყიდველი, ისე იმპორტიორი - ამერიკულ ბაზარზე გადაერთო.

"აქციზის გაძვირებამდე შემოყვანილი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა 25 000 აღწევს და მათი რეალიზაციისთვის დაახლოებით 6-8 თვეა საჭირო. რაც შეეხება ამერიკულ და მარცხენასაჭიან ავტომობილებს, მათზე ფასი აქციზის გაძვირების პარალელურად 10-15%-ით გაიზარდა, ხოლო მას შემდეგ, რაც იაპონური ავტომობილების დარჩენილი რაოდენობაც გაიყიდება, ფასმა შეიძლება კიდევ მოიმატოს", - განმარტავს გულაშვილი.

იმპორტიორებისგან განსხვავებით, რუსთავის ავტობაზრობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საფასო ცვლილებების მიუხედავად, მოთხოვნა დაახლოებით იმ დონეზეა, როგორც წინა წლებში იყო. ამის მიზეზად ასახელებენ, რომ ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე არსებული ავტომობილების რეალიზაცია ხდება.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"