ნიუ იორკის აუქციონზე ამერიკელი მხატვრის ჟან-მიშელ ბასკიას ნამუშევარი რეკორდულ თანხად - 110.5 მილიონ დოლარად გაიყიდა.
„ბიბისის“ ცნობით, ამ მაჩვენებლით აღნიშნული ნამუშევარი ყველაზე ძვირადღირებული ტილო გახდა ამერიკელი არტისტების გაყიდულ ნამუშევრებს შორის. გარდა ამისა, 1980 წლის შემდეგ შესრულებულ ნამუშევრებს შორის, პირველი გახდა, რომელმაც 100 მილიონ დოლარიან ზღვარს გადააჭარბა.
ბასკიას უსახელო ნამუშევარი 41 წლის იაპონელმა მოდის ანტრეპრენუარმა იუსაკი მაეზავამ შეიძინა.
ამერიკელი მხატვრის კიდევ ერთი ნამუშევრის რეკორდი მაეზავას ეკუთვნის - გასულ წელს მან 57.3 მილიონ დოლარად შეიძინა ბასკიას ნამუშევარი.
ამერიკელი მხატვარი 1960 წელს ნიუ იორკში დაიბადა. თავდაპირველად მან პოპულარობა გრაფიტების კეთებით მოიპოვა, თუმცა მოგვიანებით სხვა სტილზე გადაერთო. 1980 წელს ბასკია ერთ-ერთ რესტორანში შეხვდა ენდი უორჰოლს და თავისი ნამუშევრები აჩვენა. სწორედ უორჰოლს ეკუთვნის ბასკიას "აღმოჩენა". 1982 წელს ხელოვნების კურატორებმა ბასკიას ნეოექსპრესიონისტი მხატვარი უწოდეს.
1988 წელს ჟან-მიშელ ბასკია ჰეროინისა და ნარევი ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღებისგან 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.