აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა ვენესუელაში მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან დაკავშირებით სანქციები გააფართოვა

აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, ვენესუელაში მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან დაკავშირებით სანქციები გააფართოვა.

სასანქციო სიაში ვენესუელას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მოხვდნენ. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მაიკელ ხოსე მორენა პერესი; უზენაესი სასამართლოს საკონსტიტუციო პალატის თავმჯდომარის მოადგილე არკადიო დე ხესუს დელგადო როსალესი; უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გლადის მარია გუტიერეს ალვარადო; უზენაესი სასამართლოს საკონსტიტუციო პალატის თავმჯდომარე ხუან ხოსე მენდოსა ხოვერა.

აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის მტკიცებით, აღნიშნული პირები პასუხს აგებენ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებზე, რომლის თანახმად, ქვეყნის პარლამენტის უზურპირება მოხდა.

„ვენესუელას უზენაესი სასამართლოს წევრებმა ქვეყანაში არსებული სიტუაცია გაამწვავეს. ისინი თანმიმდევრულად ერეოდნენ საკანონმდებლო ორგანოს საქმეებში“, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მდივანმა სტივენ მნუჩინმა.