ტოკიოში ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 19-დან 24 მაისის ჩათვლით, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება , სახელწოდებით: What’s New, Georgia?.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, ღონისძიების ფარგლებში ქართველ დიზაინერებს საშუალება ექნებათ საკუთარი ნამუშევრები გააცნონ უცხოელ აუდიტორიას, დაამყარონ ბიზნესკონტაქტები და სახელი გაითქვან საერთაშორისო ბაზარზე.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენის კვირეულში საკუთარ კოლექციებს წარადგენენ ისეთი ქართული ბრენდები, როგორებიცაა: ლაკო ბუკია, ლალო კარდიგანსი, ჩუბიკა, ლაშა დევდარიანი და რია ქებურია, ხოლო ორგანიზაცია Project ArtBeat, რომელიც 2014 წელს დაარსდა და ქართული ხელოვნების სფეროში ინოვაციურ წამოწყებას წარმოადგენს, აღნიშნული კვირეულის ფარგლებში გამართავს ფოტოგამოფენას სახელწოდებით Mother Georgia, by Brian Griffin. გამოსაფენი ფოტოები ბრიტანელმა ფოტოგრაფმა 1989 წელს საქართველოში იაპონური ცნობილი ბრენდის დაკვეთით Comme des Garçons გადაიღო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენის პარალელურად სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება, სადაც იაპონელ აუდიტორიას საშუალება ექნება გაეცნოს ქართულ კულტურასა და შემოქმედებას. ამასთანავე, მოეწყობა ქართული ღვინის დეგუსტაციის საღამო, ხოლო უქმე დღეებში ერთ-ერთი იაპონური რესტორანი ქართული სამზარეულოს კერძების პრეზენტაციას გამართავს.

”მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო და ზოგადად ქართველი დიზაინერები დიდი პოპულარობით სარგებლობენ მოდის საერთაშორისო ბაზარზე, რაშიც დიდი წვლილი უცხოეთში მოღვაწე, წარმატებულ ქართველ დიზაინერებს მიუძღვის. თუმცა, ამჟამად აღნიშნული ღონისძიებების მთავარი ორგანიზატორი ახალგაზრდა იაპონელი ხელოვანი Yoshie Itasaka-ია, რომელმაც ბოლო 6 წლის მანძილზე მოგზაურობის პერიოდში, საქართველოში 3 თვე გაატარა. სწორედ საქართველოში ყოფნის პერიოდში, Yoshie Itasaka-მ სხვადასხვა ფოტო გადაიღო, რომლებზეც აღბეჭდილია საქართველოს კულტურული სიმდიდრეები, გამორჩეული არქიტექტურა, ტრადიციული სამზარეულო, ბუნება და ქართველი ხალხის ცხოვრების სტილი”, - განმარტავენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.