საბერძნეთის პარლამენტმა კენჭი უყარა ახალი ეკონომიკური რეფორმების შემოღებას, საგარეო დახმარების მიღების გაგრძელების მიზნით. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ იუწყება.
„ჩვენ ვიმსახურებთ და ევროჯგუფისგან მოველით ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შეამსუბუქებს ჩვენს სავალო ტვირთს და ბერძენი ხალხის მოლოდინებს შეესაბამება“, - განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა.
საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის ევკლიდ ცაკალოტოსის განცხადებით, საბერძნეთმა და მისმა უცხოელმა კრედიტორებმა შეთანხმება დადეს რეფორმების პაკეტზე, რომელიც ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს.
შეთანხმება შეიცავს რეფორმებს შრომისა და ენერგეტიკის სფეროში და ასევე, პენსიების შემცირებას და გადასახადების გაზრდას.
გუშინ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბერძნეთის პარლამენტის შენობის წინ არეულობა მოაწყვეს. ახალგაზრდების ჯგუფი პარლამენტის ეზოში შეღწევას შეეცადა და პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილები“ და ქვები დაუშინა. პოლიციამ საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.