„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების დაზღვევის უმსხვილეს სახელმწიფო კორპორაცია Sinosure -ს თავმჯდომარეს, ვანგ ის შეხვდა.
შეხვედრას ჩინური მხრიდან კორპორაციის ვიცე პრეზიდენტები, აღმასრულებელი დირექტორი და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საპარტნიორო ფონდის” ცნობით, ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების დაზღვევის სახელმწიფო კორპორაცია Sinosure-ში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოში ექსპორტის სააგენტოს დაფუძნების საკითხსაც. ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების დაზღვევის სახელმწიფო კორპორაციამ საპარტნიორო ფონდს ამ მიმართულებით რეკომენდაციების გაწევისა და საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის ოფიციალური შეთანხმების გაფორმება შესთავაზა.
„საპარტნიორო ფონდსა“ და Sinosure-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი საქართველოში მოეწერება. შეხვედრაზე ამ მიზნით ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების დაზღვევის სახელმწიფო კორპორაციის ოფიციალური დელეგაციის საქართველოში ვიზიტი დაიგეგმა. ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების დაზღვევის სახელმწიფო კორპორაცია Sinosure “საპარტნიორო ფონდის” პარტნიორი ჩინური კომპანიების ბიზნესებს დააზღვევს.
ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების დაზღვევის სახელმწიფო კორპორაცია Sinosure მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. 230-ზე მეტ ბანკთან თანამშრომლობს და 70.000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ბოლო 6 წლის განმავლობაში კომპანია ბიზნესის დაზღვევის მხრივ ჩინეთში პირველ ადგილს იკავებს. Sinosure პარტნიორ კომპანიებს სავაჭრო, სამრეწველო, ფისკალური და ფინანსური პოლიტიკის წარმოებასა და ასევე, ექსპორტის დაზღვევის ინსტრუმენტების განვითარებაში უწყობს ხელს.
„საპარტნირო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემდეგ საქმიან შეხვედრებს სინგაპურში განაგრძობს.