ანა დოლიძე - საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციაში გადასახადებთან დაკავშირებული 94-ე მუხლის არსებობას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე კამპანიის „კონსტიტუცია თანასწორობისთვის - არა Liberty Act“-ის წარმომადგენლებს სალომე ადამიას, მარიამ გაჩეჩილაძეს და ვახტანგ სიფრაშვილს შეხვდა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იუწყებიან, 25 ორგანიზაციის მიერ შექმნილი კამპანია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისგან კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას ითხოვს.

ანა დოლიძემ კამპანიის წარმომადგენლებს მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია გააცნო.

”საქართველოს პრეზიდენტი იზიარებს ამ კამპანიის სულისკვეთებას, რადგან მიაჩნია, რომ მთავრობის და სახელისუფლო გუნდის, მისი წევრების გადასაწყვეტია გადასახადების აწევა, დაწევა და საგადასახადო პოლიტიკის გამკაცრება. სწორედ აქედან გამომდინარე ხდება ამა თუ იმ გუნდის არჩევა და ჩამოყალიბება. შესაბამისად, გადასახადები შეიძლება ხშირად იცვლებოდეს ქვეყნის გამოწვევებიდან გამომდინარე. არ არის მიზანშეწონილი, რომ ეს მუხლი იყოს საქართველოს კონსტიტუციის ნაწილი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.