ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე რეფინანსირების შესახებ წერს.
"ბიზნესპრესნიუსი" დავით ასლანიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ
"1–18 მაისს სახელმწიფო ხაზინის ნაშთი 150 მლნ ლარით არის გაზრდილი და უკანასკნელი მონაცემებით 1 მლრდ ლარს შეადგენს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მაისის თვეში ასე სავსე სახელმწიფოს სალარო არასოდეს ყოფილა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულება კვლავაც სანიმუშო დონეზეა.
შესაბამისად, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ეროვნული ბანკის ხელისგაშვერა მთავრობისკენ, რომ საბანკო ოლიგოპოლიის მხრიდან რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნის გაზრდა სამთავრობო ოპერაციებით შეიძლება იყოს გამოწვეული.
ეროვნული ბანკის განმარტებით, როდესაც ხაზინის ნაშთი იზრდება, იზრდება ეროვნულ ბანკში სამთავრობო დეპოზიტებიც, რის გამოც სამთავრობო ოპერაციების დასაფინანსებლად რეფინანსირების რესურსი აღარ არის საჭირო და მასზე მოთხოვნა უნდა შემცირდეს.
მიმდინარე 2017 წლის იანვარ-მაისში ეს კანონზომიერება დარღვეულია – ხაზინის ნაშთი თვიდან თვემდე იზრდება, მაგრამ რეფინანსირებაზე მოთხოვნა მაინც არ მცირდება და ეს იმის მიუხედავად, რომ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი რამოდენიმეჯერ გაზარდა.
იმის გამო, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნაღდი ფულის რაოდენობა მიმოქცევაში 14 მლნ ლარით არის შემცირებული, ვერც ნაღდი ფულის არგუმენტი გამოდგება რეფინანსირების პირამიდის მიზეზად რომ დავასახელოთ.
როგორც ცნობილია, 18 მაისს გამართულ აუქციონებზე საბანკო ოლიგოპოლიამ ერთკვირიან რეფინანსირებაზე მოითხოვა 1,6 მილიარდი ლარი და დაუკმაყოფილდა 1,3 მილიარდი ლარი, ერთთვიანზე – მოითხოვა 900 მილიონი და დაუკმაყოფილდა 400 მილიონი.
გარდა ამისა, იმავე დღეს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის გარეშე საბანკო ოლიგოპოლიას უბოძა ერთდღიანი რეფინანსირების სესხი 110 მილიონი ლარის ოდენობით, ისე რომ დღევანდელი მონაცემებით რეფინანსირების პირამიდა შეადგენს 1,81 მილიარდ ლარს – ისტორიული რეკორდი!!!
მონეტარული სტატისტიკის მიხედვით, 18 მაისს M2–ფულადი აგრეგატის ოდენობა სულ 6,5 მილიარდი ლარია, რაც როგორც ჩანს, ზემოგებებზე მომუშავე საბანკო ოლიგოპოლიისათვის არასაკმარისია, 2,5 მილიარდი მოკლევადიანი ლიკვიდობის დეფიციტი რომ არ ჰქონდეს.
შეგახსენებთ, რომ რეფინანსირების სესხი არის ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე გაცემული ოვერდრაფტ–სესხი, რომლის პროცენტს ეროვნული ბანკი თავად აწესებს და, რომელსაც კომერციული ბანკები მოკლევადიანი ლიკვიდობის დეფიციტის შესავსებად იყენებენ, ხოლო მასზე პროცენტი საბოლოო ჯამში კლიენტების გადასახდელია,"- წერს ასლანიშვილი.