უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით თუ შეუსრულებლობით ნაწარმოებ სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდამრღვევ სუბიექტს შესაძლოა საჯარიმო სანქციების გადახდა აღარ მოუწიოს.
აღნიშნულის შესახებ კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული. პროექტის ავტორები გრიგოლ ლილუაშვილი და ილია წულაია არიან. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება უნდა შევიდეს საქართველოს კანონში ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“.
ცვლილების თანახმად, ის სამართალდამრღვევი სუბიექტები, რომელთა მიერ 2007 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 20 აპრილის მდგომარეობით მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე სანებართვო პირობების დარღვევით ან უნებართვოდ ნაწარმოებია სამშენებლო სამუშაოები - (შენობა-ნაგებობის, მზიდი ელემენტების, ექსტერიერის რეკონსტრუქცია) ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდებიან, იმ შემთხვევაში თუ მათ მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა გამოსწორებული იქნება ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ან გამოსწორდება ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში, ასევე, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის N57 დადგენილების განსაზღვრული წესით დადასტურდება მის მიერ ნაწარმოები მშენებლობა.
„ობიექტის ან მისი ნაწილის მესაკუთრე ან სხვა უფლებამოსილი პირი, ამ კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მოთხოვნითა და დარღვევით განხორციელებული მშენებლობის დადასტურების მიზნით მიმართავს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო, დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და ობიექტის მზიდი კონსტრუქციების მდგრადობის დადასტურების შესახებ შესაბამისი საექსპერტო დასკვნის და განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ დასკვნის წარდგენის შემდეგ, განიხილავს საკითხს, ადასტურებს დარღვევით განხორციელებულ მშენებლობას უკვე წარმოებული მშენებლობის გათვალისწინებით,“ - ვკითხულობთ კანონპროექტში.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მისი ამოქმედება დედაქალაქის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს საშუალოდ 1 360 000 ლარით შეამცირებს.
ამასთან, აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება: მეხუთე კლასისათვის მიკუთვნებულ შენობა-ნაგებობებსა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უძრავ ძეგლებზე.
რაც შეეხება საჯარიმო სანქციებს, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” თანახმად, თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობა ან/და რეკონსტრუქციის წარმოება ისჯება 8 000 ლარიანი ჯარიმით, აგრეთვე, ამ კანონის შესაბამისად უნებართვო შენობა-ნაგებობა ექვემდებარება დემონტაჟს. დედაქალაქის ტერიტორიაზე სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა კი ითვალისწინებს ჯარიმას მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 2 000 ლარის, მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 3 000 ლარის, მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 4 000 ლარის ოდენობით.