ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ქვემო ქართლის რეგიონი დააზარალა.მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს, სადაც გვიან ღამით მოსულმა სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და გზები დააზიანა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ კლდეისთან გვიან ღამით, კლდე ჩამოინგრა და გზა ჩახერგა. გზის გაწმენდითი სამუშაობი დილიდან დაიწყო.
როგორც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, მთლიანად ჩახერგილია სოფელ დიდ კლდეისამდე მისასვლელი გზა. ადგილზე უკვე მუშაობს სპეცტექნიკა და თბილისიდან კიდევ ელოდებიან შპს ,,ერ-ტე-დ“-ს სპეცტექნიკას.
მათივე ინფორმაციით, სოფელ დიდ კლდეისამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას შპს ,,ერ-ტე-დე“ აწარმოებდა და სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, წუხანდელმა მეწყერმა კი გზა მთლიანად ჩახერგა.
ძლიერმა წვიმამ, თეთრიწყაროს სოფელ დურნუკისა და ჭივჭავის საავტომობილო გზებიც დააზიანა.
წვიმამ და სეტყვამ უმნიშვნელო ზიანი მიაყენა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარისა და ვახტანგისის მოსახლეობას, ასევე ქალაქ წალკას, სადაც ხეხილი დაისეტყვა.
უხვი ნალექის გამო, მნიშვნელოვნად მომატებულია რუსთავსა და სხვა მუნიციპალიტეტებში მდინარე მტკვრაზე წყლის დონე. სამაშველო სამსახურები, მტკვრის ნაპირზე პრევენციულ ღონიძიებებს ატარებენ და მოსახლეობას მოუწოდებენ, მტკვარზე სათევზაოდ ჩასვლისგან თავი შეიკავონ.