ლევან დავითაშვილი - დაზარალებული მეფუტკრის დასახმარებლად სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები არიან მობილიზებული

სამეგრელოში სტიქიის შედეგად დაზარალებული ფერმერის, მინდია ქავთარაძის დასახმარებლად სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მობილიზებულია შპს “მექანიზატორის” ტექნიკა, რომელიც ფერმერს სტიქიის ზონიდან გადარჩენილი ინვენტარის გამოტანაში დაეხმარება.

“მობილიზებულია სასოფლო-სამეურნეო განვითარების ხელშეწყობის სააგენტო, რეგიონული საინფორმაციო-საკოორდინაციო სამსახური და შპს “მექანიზატორი”. შპს “მექანიზატორი” ფერმერს დაეხმარება გადარჩენილი ინვენტარის სტიქიის ზონიდან გამოტანაში”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სამეგრელოში სტიქიამ ახალგაზრდა ფერმერი მინდია ქავთარაძე დააზარალა, წყალდიდობამ დატბორა ფუტკრის სკები, სულ განადგურებულია 750 სული ფუტკარი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელით საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელი ნინო ზამბახიძე ავრცელებს.