მიმდინარე კვირას უკრაინის უმაღლესმა რადამ, შესაძლოა, რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას მხარი დაუჭიროს.
ამის შესახებ РБК-Украина-ს ფრაქციებში - „პეტრო პოროშენკოს ბლოკსა“ და „სახალხო ფრონტში“ სანდო წყარომ განუცხადა.
გამოცემის ინფორმაციით, ფრაქციები ჯერ კიდევ მიმდინარე კვირას აპირებდნენ წინასწარ კენჭისყრას იმის დასადგენად, რამდენად რეალური იქნებოდა ამ საკითხის განხილვა. იმ შემთხვევაში, თუ საკმარისი ხმები შეგროვდებოდა, მომავალ კვირას საკითხი სასესიო დარბაზში უნდა გასულიყო. წინასწარი კენჭისყრის შედეგები ამ დროისთვის უცნობია.
წყაროს ინფორმაციით, მომავალ კვირას რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებაზე კენჭისყრის შესაძლებლობა მაღალია. 2016 წლის აგვისტოში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა განაცხადა, რომ უკრაინამ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა განიხილოს რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღების საკითხი. ამასთან, 2016 წლის თებერვალში რადაში დარეგისტრირდა დადგენილების პროექტი რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, მაგრამ განსახილველად არ გასულა.