სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს არ და ვერ დაეხმარება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ზარალი მილიონობით ლარს აღემატება, რომლის ანაზღაურების ფუფუნება სახელმწიფო ბიუჯეტს არ აქვს. სოფლის მეურნეობის მინისტრი გლეხებს მოუწოდებს, აგროდაზღვევის სერვისით ისარგებლონ.
მისივე თქმით, სტიქიის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა შიდა ქართლი. დავითაშვილის ინფორმაციით, მთლიანად საქართველოს მასშტაბით 38 ათასი ჰექტარია დაზიანებული.
“სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს არ და ვერ დაეხმარება. არ უნდა იყოს ცრუ მოლოდინები, არ იქნება არანაირი კომპენსაცია. მაშინ, როდესაც აგროდაზღვევის ინსტრუმენტი მოქმედებს, ასეთი ერთჯერადი ჩარევები არასამართლიანია. ზარალი მილიონობით არის, მისი ანაზღაურების ფუფუნება ბიუჯეტს არ აქვს. საჭიროა სოფლის მეურნეობის ძირითად საშუალებებში ჩაიდოს ინვესტიციები სექტორის გასაძლიერებლად და არა ერთჯერადი დახმარებები”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად გლეხები დაზარალდნენ. ისინი ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. ადგილობრივების განცხადებით, განადგურდა მოსავლის დიდი ნაწილი.