ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OIV) დაჩქარებული წესით განხილვაში მიიღო ქართული მხარის წინადადება, რომ ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო, ანუ ჭაჭაზე დადუღებული ღვინო სახელწოდებით „ქარვისფერი ღვინო“, OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შევიდეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ქართული მხარის ამ მიმართვას OIV-ის მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
„ეს სიახლე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული ტრადიციული ღვინოების პოპულარიზაციისა და ცნობადობის ასამაღლებლად მთელს მსოფლიოში“ - აღნიშნა სამანიშვილმა.
მისი თქმით, ამჟამად OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში არის სულ 7 ღვინო - შუშხუნა, ცქრიალა, შემაგრებული, ლიქიორული, ბუნებრივად ტკბილი ღვინოები, „აისვაინი“ და აპკის ქვეშ დავარგებული (ხერესის ტიპი).
შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ქართული „ქარვისფერი ღვინო“ OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მერვე იქნება.