შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, 1965 წელს დაბადებული გ. კ. და 1977 წელს დაბადებული ვ.ა. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვა-გასაღების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
”გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, გასაღების მიზნით შეიძინეს ყალბი 500 ევროიანი კუპიურა, რომელიც მიმდინარე წლის 8 მაისს თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურში გაასაღეს. აღნიშნული ქმედებით, ჯიხურის მოლარე-ოპერატორმა 1305 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიიღო. სამართალდამცველებმა, ვ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მაკაროვის კონსტრუქციის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 4 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ბრალდებულების მიერ გასაღებული ყალბი კუპიურა.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვა-გასაღების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით)”, - ნათქვამია ინფორმაციაში.