სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ რამდენიმე დღეა ვრცელდება მოქალაქე კატერინა მიქელაძის პოსტი, რომლითაც განახლებულ აღმაშენებლზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში არსებულ ფასებს აპროტესტებს.
პოსტს თან ახლავს ქვითარი, რომლის თანახმადაც, 1 ხაჭაპურში, 1 პიცასა და 2 „პეპსიში“ 13 წლის ბავშვებს 72.45 ლარი გადაახდევინეს.
როგორც ქვითარში ჩანს, კაფეში 1 მეგრული ხაჭაპურის ღირებულება 27 ლარი, პიცა „მარგარიტას“ ფასი - 20 ლარი, ხოლო 2 „პეპსის“ ღირებულება 16 ლარი იყო.
„ბიზნესპრესნიუსი“ მოქალაქის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„გუშინ, ქეთი 13 წლის გახდა. მამამისმა ორ დაქალთან ერთად ახალ აღმაშენებელზე სასეირნოდ წაიყვანა და უთხრა, რომელ კაფეშიც გინდათ დასხედით და გადახდის დრო რომ მოვა დამირეკეთო. ბავშვები Timeout-„თაიმაუთ“-ში შევიდნენ, ერთი ხაჭაპური, ერთი პიცა და ორი ნახევარლიტრიანი „პეპსი“ შეუკვეთეს. წინა კაფიდან გადმოარბენინა მიმტანმა ხაჭაპური და პიცა, პეპსი ადგილზე ქონდათ და ამ ყველაფრის ჩეკმა 72 ლარი და 50 თეთრი შეადგინა. ქეთის მამამ გააპროტესტა ეს ამბავი, იქნებ მარტო იყვნენ ბავშვები და 27 ლარიან ხაჭაპურს სანამ მოუტანდი გეკითხა საკმარისი თანხა თუ ჰქონდათო. მენიუში პეპსი 4 ლარი ეწერა და ჩეკში 8 ლარი აღმოჩნდა.
აი, კომენტარის გაკეთებაც კი მეზარება ამ მარაზმზე, მაგრამ მართლა გულწრფელად მაინტერესებს რის მიხედვით ითვლება ოთხნაჭრიანი ხაჭაპურის ფასი ამ ”ზავიძენიაში” და რა რიცხვზე მრავლდება 1 ლარი და 20 თეთრის ღირებულების პეპსი რომ 8 ლარი გამოვიდეს? კაფე ახალ აღმაშენებელზე #24 მდებარეობს და timeout ქვია“.- წერს პოსტის ავტორი „ფეისბუქის“ გვერდზე.