ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდის მიუხედავად, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ნავთობი და ნავთობპროდუქტები უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფია და მისი იმპორტი 45 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. კერძოდ, გასულ თვეებში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტმა 180 მილიონი დოლარი შეადგინა; 2016 წლის იანვარ-აპრილში კი ეს მონაცემი 135 მილიონი დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის იანვარ-აპრილში, ნავთობპროდუქტების წილი მთლიანად საქართველოს იმპორტში 7.8% იყო, გასული წლის იანვარ-აპრილში კი მთელი იმპორტის 6.6% შეადგინა.
2017 წლის იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა. კერძოდ, ერთი ტონა ბენზინის აქციზი 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა, ერთი ტონა დიზელის საწვავის - 150 ლარიდან 400 ლარამდე, ხოლო ერთი ტონა ძრავის ზეთი - 400 ლარიდან 800 ლარამდე გაიზარდა. გაიზარდა ასევე 1000 მ3 გათხევადებული ბუნებრივი აირის აქციზი და 80 ლარის ნაცვლად 200 ლარი გახდა.