საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგია მომზადდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე დღეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში შეხვედრას გამართავს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრაზე განიხილავენ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წელს, 27 მაისს ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის პოლიტიკასა და პრიორიტეტებს.

”აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, პირველად მომზადდა დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგია, რომლის აქტიური განხილვა მიმდინარეობს, როგორც საპარლამენტო წრეებში, ასევე დიასპორასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. სტრატეგია მოიცავს დიასპორასთან ურთიერთობის პოლიტიკას და პრიორიტეტებს”, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, დღესვე პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილავენ მიმდინარე წლის 27-28 მაისს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმთან დაკავშირებულ საკითხებს, ფორუმს დიასპორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება მსოფლიოს 25-ზე მეტი ქვეყნიდან.

ფორუმზე ასევე მიწვეულნი არიან საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და სხვა. ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ სახელწიფოსა და დიასპორის ურთიერთობის საკითხებზე, განხილული იქნება დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია დ ასევე დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ, მონაწილეობა მიიღონ თემატურ ჯგუფებში, სადაც განხილული იქნება შემდეგი საკითხები - დიასპორის როლი სახალხო დიპლომატიაში, დიასპორა და ეკონომიკა, განათლება და მეცნიერება და სხვა.