აჭარაში ტურისტული მომსახურების გასაუმჯობესებელი ტრენინგები ჩატარდა

ტურისტული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, აჭარაში საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების თანამშრომლებმა გადამზადება გაიარეს.

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან იუწყებიან, ერთკვირიანი ტრენინგკურსი ისეთ საკითხებს მოიცავდა, როგორებიცაა ეფექტური კომუნიკაცია და მომსახურება, მომხმარებლების ტიპის ამოცნობა, კონფლიქტური სიტუაციების მართვა, მომსახურების სტანდარტების შემუშავება და ქცევის სტილი.

როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, ტრენინგების მიზანი საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში მომსახურების გაუმჯობესება და მთიანი აჭარის ტურების გაყიდვების სტიმულირებაა.

ერთ-ერთ ტრენინგზე მონაწილეებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი შეხვდა, რომელმაც საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

”საინფორმაციო-ტურისტული ცენტრები არის პირველადი ინფორმაციის წყარო ჩვენთან მყოფი ტურისტებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენ შეძლოთ მათთვის ქვეყნისა და რეგიონის ტურისტული ღირშესანიშნაობებისა და პროდუქტების შესახებ საჭირო ინფორმაციის იმ ფორმით მიწოდება, რომ მოახდინოთ მათი მოგზაურობის სტიმულირება. ყოველწლიურად მზარდია ცენტრებში ვიზიტორების რაოდენობაც, რაც ტურისტული ცენტრების მომსახურების საჭიროებაზე მიუთითებს“, - აღნიშნა სულხან ღლონტმა.

”ამჟამად, აჭარის მასშტაბით 9 საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი ემსახურება ვიზიტორებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრები ყველა მუნიციპალიტეტსა და ბათუმშია განთავსებული. ყოველწლიურად მზარდია ცენტრებში ვიზიტორების რაოდენობაც. 2017 წელს, იანვარ-აპრილში საინფორმაციო ცენტრები 8 752 ვიზიტორს მოემსახურა, რაც 13,1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. 2016 წელს, საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების მომსახურებით 86 684-მა ვიზიტორმა ისარგებლა, რაც 94%-ით აღემატება 2015 წელს”, - აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.