საქართველოსა და ომანს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება განიხილება.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, ქალაქ მასკატში დღეს ომანის სასულთნოში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ ომანის ტურიზმის მინისტრთან, აჰმად ბინ ნასერ ალ-მაჰრიზისთან შეხვედრა გამართა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისათვის არსებულ დიდ პოტენციალს შეეხო. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ომანის სასულთნოდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვის ზრდის ტენდენციას (ტურისტთა რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. 2016 წელს ვიზიტორთა რიცხვმა 15 ათასი შეადგინა).
„მხარეებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს ორ ქვეყანას შორის დაიწყოს პირდაპირი ავიარეისების განხორციელების შესაძლებლობის განხილვა, ვინაიდან მათი ოპერირება ხელს შეუწყობს როგორც ტურისტთა რიცხვის შემდგომი ზრდის დინამიკას, ასევე ორმხრივი ბიზნეს კონტაქტების გააქტიურებას“, - განაცხადეს სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოსა და ომანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობას.
ომანში ვიზიტის ფარგლებში ელჩი ასევე შეხვდა სასულთნოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს, საიდ სალეჰ ალ-ქიუმის. გაიმართა კონსულტაციები სასულთნოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკისა და აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან, სადაც განხილულ იქნა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.