საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია - Wings of Lebanon შემოდის

საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია - „Wings of Lebanon“ შემოდის. როგორც ეკონომიკის სამინისტროდან იუწყებიან, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი ახალი უცხოური ავიაკომპანია შემოდის. ლიბანური ავიაკომპანია „Wings of Lebanon“ მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას რამდენიმე მიმართულებით განახორციელებს: ბეირუთი-თბილისი-ბეირუთის მიმართულებით ფრენები 27 ივნისიდან 8 სექტემბრამდე, კვირაში 2 სიხშირით - ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება.

სამინისტროს ინფორმაციით, ბეირუთი-ბათუმი-თბილისი-ბეირუთის მიმართულებით ფრენები განხორციელდება 25 ივნისიდან 3 სექტემბრამდე, ყოველ კვირა დღეს (ბათუმსა და თბილისს შორის ფრენა შესრულდება კომერციული უფლების გარეშე);

ბეირუთი-ბათუმი-ბეირუთის მიმართულებით კი ფრენები შესრულდება 28 ივნისიდან 6 სექტემბრამდე ყოველ ოთხშაბათს.

ავიარეისები Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ლიბანურ ავიაკომპანიას ახალ მიმართულებებზე საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 19 მაისს მიანიჭა.