2-3 ივნისს, თბილისი პირველად ფრენჩაიზინგის საერთაშორისო გამოფენა „BUYBRAND Transcaucasia“-ს უმასპინძლებს.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, აღნიშნული სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით ხორციელდება.
„ღონისძიება იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენა საშუალო და მცირე ბიზნესისთვის კავკასიის რეგიონში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 30-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი მათ შორის: Shokoladnitsa, Baskin Robbins, Coffee House, Shikari, Il Patio, Papa John’s, ფიტნეს-ცენტრების ქსელი FIT powered by X-BODY, Fit’n’Go, სამედიცინო ლაბორატორიული ქსელი INVITRO და Gemotest, საერთაშორისო სასტუმროების ქსელი Best Western Hotels & Resorts და მრავალი სხვა.
ამასთანავე, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილებული იქნება კავკასიის რეგიონში, განსაკუთრებით კი საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდაზე. ამასთანავე, მკაფიოდ წარმოდგენილი იქნება ფრენჩაიზინგის კონცეფციის თემატიკა HORECA სისტემაში, რომელიც მოიცავს სასტუმროებს, კაფეებს, რესტორნებს, სწრაფი კვების ქსელებს ასევე მომსახურების სფეროს პროექტებს“, - განაცხადეს გამოფენის ორგანიზატორებმა.
მათივე ინფორმაციით, ორდღიან გამოფენასთან ერთად სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართება ბიზნეს-ფორუმი, სადაც სიტყვით გამოვლენ მსოფლიო ფრენჩაიზინგის წამყვანი კომპანიების პირველი პირები, ფრენჩაიზინგის სფეროს ექსპერტები და კონსულტანტები.
„აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიღრმავონ ცოდნა მათ მიერ შერჩეული ფრენჩაიზინგის საკითხებზე, გაიგონ მეტი ლეგალური პარტნიორობის რეგისტრაციის საკითებზე და შეისწავლონ ფრენჩაიზინგის დადებითი მხარეები ეკონომიკის განვითარების ასპექტებში“, - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, გამოფენაში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ რეგისტრაცია ექსპო ჯორჯიას პავილიონის შესასვლელში, ხოლო დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ნებსიმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს „BUYBRAND Transcaucasia“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდს, მისამართზე: http://www.buybrandexpo.com/en/tbilisi/.