ღვინის ეროვნულ სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში ექსპორტირებულია 18 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც 59%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. იანვარ აპრილში ექსპორტირებულია 41,4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 54%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყანაში: ჩინეთი - 207% (2 391 981); აზერბაიჯანი - 217% (42 264); რუსეთი - 87% (11 076 205); საფრანგეთი - 332% (65 040); ისრაელი - 150% (65 490); გერმანია - 38% (145 168); ბელორუსი - 37% (183 150); პოლონეთი - 19% (814 882); უკრაინა - 26% (1 874 212); ლატვია - 14% (4 190).
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების 2017 წლის ოთხი თვის მონაცემებით, ექსპორტიორ ქვეყნებში პირველ ადგილს რუსეთი იკავებს, სადაც 11 076 205 ბოთლის ექსპორტირება მოხდა. მას ჩინეთი მოყვება, სადაც 2 391 981 ბოთლის იმპორტი განხორციელდა; მესამე ადგილს უკრაინა იკავებს, სადაც საქართველოდან 1 874 212 ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის ექსპორტირება მოხდა; მეოთხე ადგილს პოლონეთი 814 882 ბოთლით, ხოლო მეხუთე ადგილს ყაზახეთი იკავებს, სადაც 602 407 ბოთლი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი განხორციელდა.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, მსოფლიოს 14 ქვეყანაში იანვარ-აპრილში ექსპორტირებულია 4 325 298 ბოთლი ბრენდი, რაც 56%-ით აღემატება ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ, სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტირებულია 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი. მატება გასული წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით 67%-ს აღწევს.
საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 63 410 ბოთლი ჭაჭა. ექსპორტის ზრდამ 124% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 167 000 აშშ დოლარზე მეტ თანხას შეადგენს. ზრდამ კი გასული წლის იანვარ-აპრილისთვის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 96% შეადგინა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მთლიანობაში ღვინის ბრენდის, ჭაჭის, ღვინო მასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 75 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ზრდამ 2016 წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით 59% შეადგინა.