ლევან დავითაშვილი - ქართული ღვინო იაპონიის ბაზარზე ხუთ წელიწადში გამოჩნდება, შემდგომი სამიზნე კი სამხრეთ კორეა იქნება

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და პროდუქციის ბაზარზე ჩაშვებისთვის აქტიური მუშაობა მიმდინარეობს აშშ-ში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში , - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, აზიურ ბაზარზე ქართული ღვინის მიმართ ინტერესი მაღალია. ქართული მხარე სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებთან აქტიურად მუშაობს, რათა ქართული ღვინის პოპულარიზაცია და მისი გაყიდვაში ჩაშვება მოხდეს. დავითაშვილი აცხადებს, რომ წელს იაპონიის ბაზრის მარკეტინგულ კამპანიაში ქართული ღვინო აქტიურად იქნება წარმოდგენილი. მინისტრის პროგნოზით, იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინო ხუთ წელიწადში გამოჩნდება, შემდგომ სამიზნედ კი სამხრეთ კორეას ასახელებს. ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და პროდუქციის ბაზარზე ჩაშვებისთვის აქტიური მუშაობა მიმდინარეობს აშშ-ში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში.

”მიუხედავად სირთულეებისა ჩვენ დიდი პოტენციალი გაგვაჩნია, ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით კარგი შედეგები გვაქვს. ჩინეთის ბაზარზე საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები მივიღეთ, წელს 10 მილიონი ბოთლის ექსპორტს ველოდებით. ჩინეთი მეორე-მესამე ბაზარია ქართული ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით, თუმცა ჩინეთის ბაზარი საწყისია. სამხრეთ-აღმოსავლეთის ბაზრები, მაგალითად, იაპონია წელს უკვე ჩვენს სამოქმედო გეგმაშია. შარშან დავტესტეთ გამოფენებში მონაწილეობა და წელს ერთ-ერთი მაგისტრი, ვინც იაპონიაშია და ვინც ბაზრის შემქმნელია, ჩვენი ღვინის ელჩიც არის, რომელიც ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას გაუძღვება. ეს, ერთჯერადად, დიდ შედეგს არ მოიტანს, თუმცა ჩავთვალოთ, რომ ქართული ღვინო იაპონიის ბაზარზე 5 წელიწადში აქტიურად იქნება წარმოდგენილი. შემდეგი ჩვენი სამიზნე სამხრეთ კორეის ბაზარია. პარალელურად ფულს ვხარჯავთ და აქტიურად ვმუშაობთ აშშ-ში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.