ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა, საგამოცდო პროცესი ტრადიციულად ქართულ ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 41 500-ზე მეტი აბიტურიენტი, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა გამოსაშვები გამოცდების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
აბიტურიენტებთან ერთად ეტაპობრივად ერთიან ეროვნულ გამოცდებში მაგისტრობის მსურველები, სტუდენტები და პედაგოგები ჩაერთვებიან.
წელს საქართველოს მასშტაბით 23 საგამოცდო ცენტრი იქნება გახსნილი. საგამოცდო ცენტრებს სავარაუდოდ თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში მდებარე 103-ე სკოლა დაემატება. ყველაზე დიდი საგამოცდო ცენტრი ისევ ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება, თუმცა იქ სექტორების რაოდენობა შემცირდება.
როგორც მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, სავარაუდოდ, მომავალში ტექნიკურ უნივერსიტეტში საგამოცდო ცენტრი აღარ განთავსდება, რადგან მისივე განმარტებით, პროცესის უკეთ წარმართვისთვის სასკოლო ინფრასტურქტურა გაცილებით უფრო მოსახერხებელია.
შარშანდელის მსგავსად, წელსაც ეროვნული გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივლისს დასრულდება.