საქართველოში გაუმართავი, სტიქიაგამოვლილი მანქანები ჩამოჰყავთ და აქ როგორც კარგად მოვლილს, ისე ყიდიან. ავტომობილების უმრავლესობა საერთოდ ამორტიზებულია და აქ ადგილზე აწყობენ. ასეთი მანქანით გადაადგილება სიცოცხლისთვის საშიშია და შეიძლება, ნებისმიერი მგზავრობა ფატალურად დასრულდეს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ ამგვარ მანქანებს სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების დროს აუცილებლად მიექცევა ყურადღება. პრობლემაზე საუბრობენ კერძო იმპორტიორები და მომხმარებლებიც, რომლებიც ამერიკიდან ჩამოყვანილი უვარგისი მანქანის შემდეგ ფინანსურად დაზარალდნენ.
იმპორტირებული მანქანების პრობლემა მათი გაუმართაობაა. საქართველოში ყოველთვის შემოდიოდა ნაავარიები ავტომობილები, მაგრამ ბოლო დროს ამას მასობრივი სახე აქვს. მას შემდეგ, რაც მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შემცირდა, დილერები ცდილობენ, რაც შეიძლება იაფად იშოვონ მანქანები საზღვარგარეთ და საქართველოში მინიმალურ ფასად გაყიდონ. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუკი სატრანსპორტო საშუალება პრობლემურია ან სტიქიურ ზონაშია მოყოლილი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ იმპორტირებული მანქანების 2/3 ამორტიზებულია.
ნაავარიები, ამორტიზებული ავტომობილები საქართველოში პირვანდელ სახეს იღებს და მყიდველს ელოდება. ასეთი მანქანები ტექნიკურ დათვალიერებას აღარ ექვემდებარება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ტრანსპორტს ძრავა გამოცვლილი აქვს გაუმართაობის გამო და ეს ცვლილება აღწერილია როგორც მის პირად დოკუმენტში, ასევე დადასტურებულია მომსახურების სააგენტოში.
იმპორტირებული ავტომობილების ტექნიკურ გაუმართაობაზე საუბრობს "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" დირექტორი ვასო ურუშაძე. მისი თქმით, პრობლემური მანქანები ძირითადად ამერიკიდან შემოდის და ამ მხრივ ყველაზე მოწესრიგებული ბაზარი იაპონიას აქვს. ეს არის ქვეყანა, სადაც მანქანები მკაცრ შემოწმებას გადიან და შემდეგ ხდება მათი რეალიზაცია. ამ სტანდარტებს ამერიკის ბაზარი ვერ აკმაყოფილებს.
"თუ შევადარებთ სხვადასხვა ქვეყნიდან ავტომობილების იმპორტს, რომელიც საქართველოში ხორციელდება, იაპონია ყველაზე მოწესრიგებული ქვეყანაა, რასაც ამერიკის შეერთებულ შტატებზე ვერ ვიტყვით. არის ისეთი საიტები, სადაც აუქციონზე ხვდება გაუმართავი ავტომობილები რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევების გამო ისეა დაზიანებული, აღდგენასაც კი არ ექვემდებარება. ასეთი მანქანები საქართველოს მსგავს ქვეყნებში გადის.
ნაავარიები ავტომობილები, საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, პირდაპირ პროფილაქტიკაში მიდის. მას ტექნიკურ რეაბილიტაციას უტარებენ და შემდეგ ხდება მისი რეალიზაცია.
ორი წლის წინათ გერმანიის წამყვანმა ტელეარხმა ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება. გაირკვა, რომ გერმანიაში მდებარე მანქანების სასაფლაოდან (სადაც ნაავარიები და ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები მიჰყავთ) საქართველოში არალეგალური გზით აგზავნიდნენ მანქანებს. აქ არემონტებდნენ და უბრუნებდნენ ისეთ სახეს, რომ გასაყიდად ვარგისი ყოფილიყო. ხარისხიანი და უხარისხო ავტომობილები ყველგანაა, თუმცა ყველაზე დაცული ბაზარი იაპონიას აქვს, შემდეგ მოდის ევროკავშირის ქვეყნები და შემდეგ _ ამერიკა", _ განუცხადა "ბიზნეს რეზონანსს" ურუშაძემ და იქვე აღნიშნა, რომ ამორტიზებული მანქანები, რომლებიც სხვადასხვა გზით ხვდება საქართველოს ბაზარზე, ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაივლის.
"ტექნიკური დათვალიერების დროს ასეთ მანქანებს აუცილებლად მიექცევა ყურადღება. შემოწმების დროს მოხდება ავტომობლის იდენტიფიცირება ინდივიდუალური კოდის მიხედვით (რომელიც ყველა ავტომობილს აქვს). შემოწმების შემდეგ თუ დადგინდა, რომ მანქანა გაუმართავი იყო და ხელახლაა აწყობილი, ასეთი ავტომობილი ტექნიკურ დათვალიერებას აღარ დაექვემდებარება", - აღნიშნა ურუშაძემ.
მცირე იმპორტიორები, რომლებსაც ავტომობილები იაპონიიდან შემოჰყავთ, საკუთარ მანქანებზე სრულ პასუხისმგებლობას იღებენ. გიორგი ცხომელიძე ერთ-ერთი მათგანია, ვისაც იაპონიიდან ავტომობილები 4 წელია, რეგულარულად შემოჰყავს. როგორც მან "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, ხშირ შემთხვევაში მასთან ისეთი ადამიანები მიდიან, რომლებიც ამერიკიდან შემოყვანილი ავტომობილების შეძენის შემდეგ მისი გაუმართაობის გამო ფინანსურად დაზარალდნენ.
"იაპონიიდან ჩამომყავს მანქანები და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირი პრობლემა არ მქონია. კმაყოფილი მყიდველი ძალიან ბევრი მყავს. მიკავშირდებიან ისეთებიც, რომლებმაც ამერიკიდან ჩამოყვანილი მანქანა იყიდეს და უკმაყოფილონი არიან. თუკი ავტომობილი ნამდვილად სტიქიაში მოყოლილი და აქ თავიდან ბოლომდე აწყობილია, ასეთი ტრანსპორტით გადაადგილება საფრთხის შემცველია.
მყავს ნაცნობი, რომელსაც ამერიკიდან ჩამოყავს სრულად ამორტიზებული ავტომობილები, აქ უცვლის ნაწილებს, არემონტებს და როგორც ახალს, ისე ყიდის" _ განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" გიორგი ცხომელიძემ.
დაზარალებული მომხმარებლები ამერიკიდან ჩამოყვანილი ამორტიზებული მანქანების შემთხვევებს იხსენებენ. ცოტნე ჯაოშვილი მანქანის შეძენიდან 3 თვის შემდეგ გადაუჭრელი პრობლემის წინაშე დადგა, რის გამოც ავტომობილის გაყივაც კი მოუწია.
"შარშანწინ ვიყიდე ამერიკიდან ჩამოყვანილი მანქანა. მაშინ დიდი გამოცდილება არ მქონდა, უბრალოდ, მინდოდა მყოლოდა ავტომობილი, როგორც გადაადგილების სწრაფი საშუალება. ყიდვიდან დაახლოებით 3 თვეში დაიწყო პრობლემები. თითქმის ყოველდღე პროფილაქტიკაში ვიყავი, ხან რა ნაწილი უფუჭდებოდა, ხან _ რა. სასწრაფოდ გავყიდე და ახლობლის რჩევით იაპონიიდან ჩამოყვანილი ვიყიდე. არ ვარ უკმაყოფილო ან წინა შემთხვევიდან გაწამებული, აქ ვეღარ ვმჩნევ ლაფსუსებს. ყველას ვაფრთხილებ, რომ კარგად გამოიკვლიონ და მაქსიმალურად მოერიდონ ნაავარიები ავტომობილების შეძენას", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ცოტნე ჯაოშვილმა.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"