რა ხდება თბილისის აეროპორტში?

"თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა ნაკადის ეფექტურ გატარებას ვერ უზრუნველყოფს", - ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე წერს. HUB Georgia-მ ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მგზავრთა რიგია ასახული.

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-მ, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 7 მარტს გამართულ კონფერენციაზე "ვიზა ლიბერალიზაცია და გამოწვევები ავიაციის სფეროში", ისაუბრა იმის შესახებ თუ რამდენად მზად იყო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები ვიზა ლიბერალიზაციის შედეგად გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამტარუნარიანობის უზრუნველსაყოფად.

როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ კომპანია TAV Georgia-ში განაცხადეს, ვიდეომასალაში ასახული ხალხმრავლობა დაცვის პოლიციის მიერ მგზავრთა შემოწმების პროცედურებით არის გამოწვეული.

„როგორც მოგეხსენებათ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესასვლელში, უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით დამატებით განთავსებულია ორი X–Ray აპარატი, რომლის ოპერირებასაც შსს, დაცვის პოლიციის დეპარტემენტის საავიაციო უშიშროების სამმართველო უზრუნველყოფს. აღნიშნულ შემოწმების პუნქტში, ხდება როგორც მგზავრების, ასევე თანმხლები პირებისა და აეროპორტის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლების შემოწმება. შესაბამისად, გავრცელებულ ვიდეო მასალაში აღბეჭდილი მგზავრთა რიგი გამოწვეულია უსაფრთხოების ზომების პროცედურის ხანგრძლივობით და არ ასახავს აეროპორტის მიერ მგზავრთა ნაკადის ეფექტურ გამტარუნარიანობას.

აქვე დავძენთ, რომ დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალი გათვლილია 2.8 მილიონ მგზავრზე, ხოლო ახალი მოფრენის ტერმინალის ამოქმედების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 4 მილონზე მეტ მგზავრს მოემსახურება“. - განაცხადეს TAV Georgia-ში.