რა პრობლემებს გადაჭრის და შექმნის კონკურენციის ახალი კანონი

კახა ოქრიაშვილი: ეს კანონი ”ბიზნესების ლამაზად ახევას” ხელს შეუწყობს

”თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის კანონი” პარლამენტში დაჩქარებული წესით იხილება. პროექტი პირველი მოსმენით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ წარადგინა, დღეს კი უკვე დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე იხილება. ხელისუფლების აჩქარების მიზეზი, როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკის მოთხოვნა გახდა.

”2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში 90 მილიონი დოლარის გრანტია გათვალისწინებული, რომელიც მსოფლიო ბანკმა გამოგვიყო. თუმცა, პირობად ამ კანონის მიღებაც დაგვითქვა. თუ კანონს ვერ მივიღებთ, უნდა დავიწყოთ მსჯელობა, რომელ მუხლებს ჩამოვაკლოთ ეს თანხა, ანუ, დაახლოებით, 150 მილიონი ლარი”, - აცნობა ონოფრიშვილმა ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს, რომლებმაც ხელისუფლების აჩქარების გამო წყრომა ვერ დამალეს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ აღნიშნა, დღეს მოქმედი კანონი, რომელიც 2012 წელს მიიღეს, საბაზისო განმარტებებს შეიცავდა, თუმცა, რეფორმირების მიზნით საჭირო გახდა უფრო ქმედითი სახელმწიფო ზედამხედველობის არსებობა. აღნიშნულ ფუნქციას დღეს ”სახელმწიფო კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტო” ასრულებს, მაგრამ სრულფასოვნად ვერ ახორციელებს: ორგანიზაციას არ აქვს უფლება, ამა თუ იმ სფეროში ბაზრის კვლევა დამოუკიდებლად დაიწყოს. მოკვლევის საფუძველი მოქმედი კანონმდებლობით, ეკონომიკური სუბიექტის საჩივარი, ან მთავრობის მიერ დაწესებული პრიორიტეტული მიმართულებები შეიძლება გახდეს.

”პროექტის მიხედვით, კონკურენციის სააგენტო, რომელიც დამოუკიდებელ სსიპ-ად დაფუძნდება, უფლებამოსილი იქნება, თვითონ დაიწყოს მოკვლევა, იმის მიუხედავად, წარდგენილი იქნება თუ არა რაიმე საჩივარი და იქნება, თუ არა ამისთვის საფასური გადახდილი”, - განაცხადა მიქელაძემ.

ახალ სააგენტოს გაცილებით ფართო უფლებამოსილება ექნება და პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება, რასაც საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს.

”ეს იქნება დამატებითი ბერკეტი, რომ უაპელაციოდ მოხდეს ნებისმიერ ბიზნესში შესვლა, რაც გასათვალისწინებელია, თუ წინა პერიოდის გამოცდილებას გავიხსენებთ. ჩემი აზრით, ახალი კანონის შემუშავების მიზანია ან ცარიელ ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მცდელობა - ანუ ჩვენება მოსახლოებისთვის, თუ რამხელა საკანონმდებლო ვაკუუმი არსებობდა ქვეყანაში, ან მთავრობის სურვილი, აკონტროლოს ბიზნესი”, - აცხადებს პარლამენტარი გია თევდორაძე.

დეპუტატთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ კანონის ამ ნაწილში გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი წარმოიქმნება.

”აქ საუბარი იყო, რომ დამოუკიდებელი იქნებაო, თუმცა, ყველა ნიშანი არის, რომ პირდაპირი გავლენის ქვეშ იქნება როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების. საინტერესოა, რამდენად მიზანშეწონილი იქნება, როცა აღმასრულებელი ხელისუფლება თვითონ გვევლინება სხვადასხვა ეკონომიკურ ურთიერთობებში შპს-ების დამფუძნებლად, მით უფრო, რომ ზოგიერთი შპს ფასებსაც ადგენს და დომინირებულ მდგომარეობაშიც იმყოფება”, - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი.

კანონპროექტის მესამე მუხლით განისაზღვრა ეკონომიკური აგენტის, ანუ კომპანიის დომინირებული მდგომარეობა, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ბაზარზე და შეზღუდოს კონკურენცია. გარკვეული ჩამონათვალის გარდა, დომინირებულად ითვლება კომპანია, რომელიც ბაზარზე 40%-ზე მეტ წილს ფლობს. კანონი ითვალისწინებს ასევე ორი, ან მეტი ეკონომიკური აგენტის დომინირებული მდგომარეობის განსაზღვრებასაც, თუ ისინი არ განიცდიან სხვა კომპანიებისგან კონკურენციას, ნედლეულის წყაროებისა და გასაღების ბაზრებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით. იმავდროულად, სამი პირი ითვლება დომინირებულად, თუ ერთად ბაზრის 50%-ს აკონტროლებს, თითოეული კი 15%-ზე მეტ წილს ფლობს. კანონმა შესაძლოა, შეზღუდოს ასევე 5 კომპანიის საქმიანობაც, რომელთა ჯამური წილი ბაზარზე 80%-ს აღემატება, რაც კარტელური გარიგებებისგან თავის დაცვის საშუალებაა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ შესაძლოა, კომპანია ბაზრის დიდ წილს ფლობდეს, მაგრამ თავის მდგომარეობას ბოროტად არ იყენებდეს, შესაბამისად, საწარმოზე სანქციები არ გავრცელდება. ბოროტად გამოყენება კი ისეთ ქმედებებს ნიშნავს, როგორიცაა, შესყიდვისა და გაყიდვის არასამართლიანი ფასების დადგენა, წარმოებისა და ტექნოლოგიური განვითარების მომხმარებელთა ინტერესთა საზიანოდ შეზღუდვა და სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებაში დისკრიმინაციული პირობების დაწესება იდენტურ გარიგებებზე.

თუმცა, დეპუტატების გაურკვევლობა თავად არასამართლიანი ფასების განსაზღვრებამაც განაპირობა. უმეტესობის აზრით, მუხლი საკმაოდ ბუნდოვანია და დამატებით განმარტებას საჭიროებს.

”ერთსა და იმავე ბაზარზე შესაძლოა, ერთი და იგივე პროდუქტი სხვადასხვა მეწარმეს განსხვავებული თვითღირებულებად დაუჯდეს”, - განაცხადეს ბიუროს სხდომაზე.

მათი განსაკუთრებული ყურადღება კი ჯარიმის ნაწილში დაგეგმილმა ცვლილებებმა მიიქცია. ძველი რედაქციის თანახმად, დამრღვევი ჯარიმის სახით წინა ფინანსური წლის მოგების 10%-სა და არა უმეტეს ბრუნვის 2%-ს იხდიდა. კანონპროექტის მიხედვით კი, ფინანსური სანქციის ოდენობა კომპანიის ბრუნვის არა უმეტეს 10%-ით განისაზღვრა. ჯარიმის გაზრდამ ყველაზე მეტად დეპუტატი კახა ოქრიაშვილი გააღიზიანა, რომელიც კომპანია ”პსპ”-ს დამფუძნებელია.

”100-მილიონიანი ბრუნვის შემთხვევაში გამოდის, რომ კომპანიამ 10 მილიონი ლარი ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს. ამხელა თანხას ვერავინ გადაიხდის, მით უმეტეს, თუ საბანკო კრედიტი აქვს. გამოდის, რომ დაჯარიმების შემთხვევაში, მფლობელს კომპანიის გაყიდვა მოუწევს. თუ ჯარიმა სუბიექტურად დაწესდა, რისი მწარე გამოცდილებაც გვაქვს, სააგენტოს მეშვეობით ბიზნესების ლამაზად ახევის საშუალება ჩნდება”, - აცხადებს ოქრიაშვილი.

თუმცა, როგორც ნათია მიქელაძე აცხადებს, ”10% - ეს ზედა ზღვარია და მისი დადგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს დარღვევის შედეგად კომპანიისადმი მიყენებული ზიანი, ხანგრძლივობა და სიმძიმე”.

კანონში შედის ცვლილება, რომლის მიხედვით, იკრძალება სახელმწიფო დახმარება, რომელიც ნებისმიერი სახით აფერხებს კონკურენციას. მისი რეგულირება კი მთავრობის დახმარების ზოგადი წესის საფუძველზე განხორციელდება.

”ამასთან, კანონში შედის მუხლიც, რომლის მიხედვით სახელმწიფო წილით შექმნილ საწარმოებს არ შეუძლიათ შერწყმა, ან სხვა სახის სამეწარმეო სტრუქტურის შექმნა, რომელიც იწვევს კონკურენციის შესუსტებას”, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით განისაზღვრა მუხლი, რომელიც არაკეთილსინდისიერ კონკურენციას არეგულირებს. მისი გამოვლინება კი ეკონომიკური აგენტის ნებისმიერი ქმედება შეიძლება გახდეს, რომელიც ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკას ნორმებს და ლახავს როგორც მომხმარებლების, ასევე კონკურენტების ინტერესებს, მათ შორის, რეპუტაციასაც.

კომპანიები, გარკვეულ გარემოებებში ვალდებულები ხდებიან, კონკურენციის სააგენტოს მიაწოდონ კონცენტრაციაზე შეტყობინება და ეს ვადა ერთი თვით განისაზღვრა.

თუ ეკონომიკური აგენტი სააგენტოს მიერ წამოყენებულ პირობებს თავად დააკმაყოფილებს, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება, თუმცა, მას შეუძლია სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე კომპანია ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლდება.