საქართველოს ეროვნული ბანკისა და ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში, საერთაშორისო შეხვედრა - „თანამედროვე შიდა აუდიტი - ახალი მიდგომები“ მიმდინარეობს.
ღონისძიება მიზნად ისახავს თანამედროვე შიდა აუდიტის როლის განხილვას ორგანიზაციის ბიზნესპროცესების გაუმჯობესების კუთხით, ასევე, შიდა აუდიტის გამოწვევების, რისკებისა და პერსპექტივების შესახებ გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გახსნა.
„დღევანდელი ღონისძიება ძალიან საინტერესოა. ის მიმოიხილავს იმ ბოლო ტენდენციებს, რაც არის შიდა აუდიტის საქმიანობასთან დაკავშირებით. შიდა აუდიტის საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ორგანიზაციისთვის. ეროვნულ ბანკში განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ ამ მიმართულებას. მახსოვს 1993-1994 წლებში, როდესაც ეროვნულ ბანკში ვმუშაობდი, მაშინ ეყრებოდა საფუძველი ამ ყველაფერს და დღეს სასიამოვნოა, რომ ასეთი მიღწევები გაქვს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ნიდერლანდების ცენტრალურ ბანკთან ამ საკითხთან დაკავშირებით. ყოველთვის გვაქვს კონსულტაციები იმ პრაქტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. დღევანდელი შეხვედრა კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ კოლეგებთან განვიხილოთ ის, თუ როგორ უყურებენ ისინი ამ საქმეს, რა განსხვავებები გვაქვს, როგორ უნდა მივაღწიოთ საერთო მიზნებს. ამავე დროს, შეხვედრაში მონაწილეობენ ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები შიდა აუდიტთან დაკავშირებით. ასევე ჩართულები არიან სამინისტორების წარმომადგენლები“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ღონისძიებაში სსფ-სა და მსოფლიო ბანკის ბელგია-ნიდერლანდის ჯგუფში შემავალი ქვეყნების, ასევე, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სხვადასხვა ქვეყნების - ჰოლანდიის, ჩეხეთის, უნგრეთის, უკრაინის, თურქეთის, სომხეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, მაკედონიის, მოლდოვის, რუმინეთის, ლიტვის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ირანის, ყირგიზეთისა და სლოვაკეთის ცენტრალური ბანკების შიდა აუდიტორები მონაწილეობენ.