საქართველოში თურქეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრს, აჰმედ არსლანს შეხვდა.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, მხარეებმა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს და ისაუბრეს იმ რეგიონული მასშტაბის პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც ორივე ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.
„ეკონომიკური ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პირობებში, როდესაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აბრეშუმის გზის განვითარება და ამ ჭრილში ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთთან ერთობლივი პროექტების განხორციელება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მინისტრის თქმით, საერთაშორისო გადაზიდვების სტიმულირებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას და მის ეფექტიან ფუნქციონირებას.
გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს რეგიონის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი, რისთვისაც საქართველოს მთავრობის ძალისხმევით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. ასეთ პროექტებს შორის მინისტრმა ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა და თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების განვითარება დაასახელა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საავტომობილო მიმოსვლის განვითარებას საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის. მხარეებს შორის საუბარი შეეხო გადაზიდვის ნებართვების რაოდენობის გაზრდისა და ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე გადამზიდავებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობის საკითხებს. მინისტრებმა ასევე სამოქალაქო ავიაციისა და კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.