შავ ზღვაში ძუძუმწოვრების ჯოგები მცირდება

შავ ზღვაში ძუძუმწოვრების ჯოგების შემცირება და მყარი ნარჩენების კუნძულისებური გროვების აღმოჩენა არის ის ორი ძირითადი პრობლემა, რომელიც შავი ზღვის მონიტორინგის დროს დაფიქსირდა , - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა არჩილ გუჩმანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გასატარებელია რიგი ღონისძიებები, რომ მყარმა ნარჩენებმა დიდი გავლენა არ იქონიოს ზღვის ეკოსისტემაზე.

"პრობლემური საკითხები, რაც ჩვენ დავინახეთ, არის ძუძუმწოვრების - თეთრგვერდა დელფინის, აფალინის და ზღვის ღორების მდგომარეობა. ისინი უკვე აღარ გვხვდება ისეთი მრავალრიცხოვანი ჯოგების სახით, როგორც ეს იყო მეოცე საუკუნის დასაწყისსა და თუნდაც მეორე ნახევარში. ისინი მცირერიცხოვანი ჯოგების სახით გვხვდება და მათი შემცირება წარმოადგენს პრობლემას.

პრობლემა არის მცურავი მყარი ნარჩენები ზღვაში. შავი ზღვის ღია ნაწილში ვნახეთ კუნძულისებური გროვები მყარი ნარჩენების, რაც საგულისხმოა როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ ნაწილში. როგორც ჩანს, დინებების მიერ იქ ხდება კონცენტრირება მთელი შავი ზღვის ნარჩენების. ცნობილია, რომ ნარჩენები ზღვის ძუძუმწოვრებსა და მტაცებელ თევზებზე დიდ ზეგავლენას ახდენს", - განაცხადა არჩილ გუჩმანიძემ.

მან მონიტორინგის დროს აღმოჩენილ პოზიტიურ ტენდენციებზეც გაამახვილა ყურადღება.

"კვლევის ფარგლებში ზღვის გარემო მისი ყველა კომპონენტის კუთხით გავაანალიზეთ. პოზიტიურია ის, რომ მნიშვნელოვნად არის შემცირებული ინვაზიური ფორმების რაოდენობა, რამაც თავის დროზე, ზიანი მიაყენა შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკას. ასევე ბიომრავალფეროვნების კუთხით გვაქვს მთელი რიგი ახალი ფორმები, რომელიც აქამდე არ დაფიქსირებულა", - განაცხადა გუჩმანიძემ.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და უცხოელი სპეციალისტების მიერ შავი ზღვის სანაპირო ზოლში განხორციელებული კვლევის შედეგად სულ აღმოჩენილია 12 ახალი ფაქტი.

"კვლევის შედეგად შავი ზღვის შესახებ შემდეგი 12 ფაქტი გამოიკვეთა: 1. ჯანმრთელია თუ არა შავი ზღვა და როგორ დავსვათ დიაგნოზი?; 2. ჟანგბადის სფერო შავ ზღვაში შემცირდა; 3. შავი ზღვის უჟანგბადობა სიღრმისეულ ფენებში: 2 კმ სიღრმიდან მოპოვებულია მიკრობების ახალი და საინტერესო სახეობები; 4. პირველად მოხდა შავი ზღვისთვის სპეციფიკური დამაბინძურებელი ნივთიერებების დადგენა; 5. ადამიანის ყოფაცხოვრების კვალი ფიქსირდება შავი ზღვის ყველა მონაკვეთზე; 6. „დროის კაფსულა" მომავლის მეცნიერებისთვის: პირველად იქნა შეგროვებული ზღვის წყალში არსებული ყველა, დღემდე უცნობი ნივთიერების "ანაბეჭდები"; 7. სად შეიძლება ბევრი დელფინის ნახვა? - შავ ზღვაში დელფინების სახეობების გავრცელების ახალი მონაცემები; 8. შავი ზღვის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირებულ იქნა ზღვაში მცურავი მყარი ნარჩენების დიდი ოდენობა; 9. არის იმის ნიშნები, რომ ინოვაციური სახეობების ზეგავლენა შავი ზღვის "აბორიგენულ" სახეობებზე მცირდება; 10. "ზღვის ყვავილობა" მცირდება. 11. შავ ზღვაში დაფიქსირებული იქნა უნიკალური იშვიათი თევზის სახეობები; 12. შემდეგი ქმედებები: როგორ გამოვიყენოთ შეგროვებული ინფორმაცია ადამიანისა და ზღვის ბინადრების სასარგებლოდ", - აღნიშნულია ახალი ფაქტების შესახებ ინფორმაციაში.