გიორგი კვირიკაშვილი - ჯერ კიდევ გამოუყენებელი პოტენციალის რეალიზაცია უფრო მომგებიანს გახდის თურქეთთან ისედაც ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობებს

თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ამასთანავე, ჯერ კიდევ გამოუყენებელი პოტენციალის რეალიზაცია უფრო მომგებიანს გახდის ისედაც ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობებს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმთან ერთად გამართულ ერთობლივი პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, თბილისში, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომა გაიმართა. მისივე თქმით, აღნიშნული ფორმატი ნათლად ასახავს იმ სრულიად განსაკუთრებულ და სტრატეგიულ ურთიერთობებს, რომელიც ორ სახელმწიფოს აკავშირებს.

„ხაზგასმით მსურს აღვნიშნო დღევანდელი დღის ისტორიული მნიშვნელობა. დღეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს ვზეიმობთ, თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები გვაკავშირებს. არ შეიძლება არ ითქვას, რომ თურქეთის რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, დღეს კი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ქართველი ხალხი ამას განსაკუთრებით აფასებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, სტრატეგიული საბჭოს ფორმატი ეფექტური მექანიზმია, მაქსიმალურად გაფართოვდეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ჩარჩოები, დაისახოს ახალი პერსპექტიული მიმართულებები. ამასთანავე, საქართველო და თურქეთის რესპუბლიკა უკვე მრავალი წელია, ავითარებენ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას მთელი რიგი მიმართულებებით.

„ჩვენ გვქონდა ძალზედ ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული შეხვედრა. შეხვედრის დროს, მოგვეცა შესაძლებლობა, განგვეხილა ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი. კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთქმედების მაღალი ინტენსივობა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. მხარეებს შორის გაიცვალა მოსაზრებები რეგიონსა და გლობალურად მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან დაკავშირებით.

კმაყოფილებით აღვნიშნეთ პოლიტიკური ურთიერთობების ინტენსივობა, რაც აისახება მაღალი დონის ვიზიტების დინამიკაში და იმ შედეგებში, რომელიც კონკრეტულ სფეროებში გაგვაჩნია - ინტეგრაციის მიმართულებით სხვადასხვა სფეროში და თურქეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს ევროპული მისწრაფებების გზაზე ამ უაღრესად მნიშვნელოვანი როლის შესრულებას. თურქეთი, ასევე ჩვენი საიმედო პარტნიორია თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში და ამ მიმართულებითაც მხარეები განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, შეხვედრის მსვლელობისას დაისახა ორმხრივი ვაჭრობის შემდგომი გააქტიურების პერსპექტივები.

„თურქეთი არის საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი. ამასთანავე, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ გამოუყენებელი პოტენციალის რეალიზაცია უფრო მომგებიანს გახდის ისედაც ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ხელი მოეწერა დეკლარაციას საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ერთობლივი ეკონომიკური და სავაჭრო კომისიის (JETCO) დაფუძნების შესახებ, რაც ამ მიმართულებით წინგადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი გახლავთ.

„გამოვხატეთ განსაკუთრებული დაინტერესება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მაქსიმალურად გაფართოებასა და მის ორმხრივ სარგებელთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგვცემს, ქართული პროდუქცია უფრო ფართოდ გავიტანოთ თურქეთის ბაზარზე და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდანაც მაქსიმალურად გავხსნათ კარი ორმხრივი თანამშრომლობისთვის. მიმოვიხილეთ მსხვილ სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებში წარმატებული თანამშრომლობა და პერსპექტივები. ამ თვალსაზრისით, აღინიშნა ბაქო-თბილის-ყარსის პირველი განშტოების დასრულების მნიშვნელობა 2017 წლის ზაფხულისთვის, რაც კიდევ უფრო აამაღლებს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას. დავაფიქსირეთ მხარეთა მზაობა, განვაგრძოთ მჭიდრო ურთიერთობა სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტის რეალიზაციისა და კასპიის ენერგორესურსების დასავლეთისაკენ ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, კმაყოფილებით აღნიშნა მჭიდრო თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები კულტურის, იუსტიციის, საბაჟო და სხვა სფეროებში.

კვირიკაშვილის განცხადებით, ამ კონტექსტში მისასალმებელია დღეს ხელმოწერილი ორმხრივი დოკუმენტები ეკონომიკის, იუსტიციის, კიბერუსაფრთხოებისა და კულტურის სფეროებში, რაც კიდევ უფრო გააფართოებს ისედაც საფუძვლიან ორმხრივ სამართლებრივ ბაზას.

მისივე თქმით, შეხვედრაზე კოლეგებს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ.

„დასასრულს, მსურს აღვნიშნო, რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში და სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატის არსებობა თავისთავად ცალსახა დასტურია ორი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მკაფიოდ გამოხატული ნებისა და იმ სულისკვეთებისა, რომლითაც ვითარდება ორმხრივი ურთიერთობები. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მივესალმო თურქეთის პრემიერ-მინისტრს და დელეგაციას და გამოვთქვა რწმენა, რომ თბილისში გამართული შეხვედრები დამატებით იმპულსს შესძენს ისედაც სამაგალითო სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს. მადლობას გიხდით საქართველოში ჩამობრძანებისთვის და ვადასტურებ საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემს მზადყოფნას, გავამყაროთ სტრატეგიული პარტნიორობა და ორ მეგობარ ერს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.