იტალიელმა დიზაინერმა ღვინის ექსტრაქტებისგან ტყავი შექმნა
როდესაც ფუფუნების საგნებზე ვფიქრობთ, სხვა ბევრ რამესთან ერთად ტყავი და ღვინოც ამოტივტივდება ხოლმე გონებაში. ამ ორი რაღაცის შერწმით კი ვიღებთ ღვინის ტყავს, რომელიც ყურძნის ქერქებისა და წიპწისგან არის შექმნილი. ამ უკანასკნელთა მოწოდებას მეღვინეები უზრუნველყოფენ. საქმე ის გახლავთ, რომ წლის ბოლოსთვის ერთ-ერთი იტალიელი დიზაინერი ღვინის ექსტრაქტებისგან დამზადებული ტყავის ხაზის გამოშვებას აპირებს.
ახალი მასალა, ჩანთებისა და სხვადასხვა მსგავსი მოდური პროდუქციის სახით, ოქტომბერში იტალიის ქალაქ მილანში მომხმარებელს ოფიციალურად წარედგინება. შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება ქვეწარმავლებისა და სხვა ცხოველების, მათ შორის ძროხების, ვირების, სირაქლემების, ძაღლების, ალიგატორებისა და ნიანგების რაოდენობა, რომლებიც ამ საქმეს ეწირებიან.
სიახლის ავტორია მილანელი არქიტექტორი ჯანპიერო ტესიტორე, რომლის თქმით, მისი გამოგონება ისეთ ადამიანებზეა გათვლილი, რომლებსაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია ურჩევნიათ სინთეტიურ და ცხოველების ტანჯვის ხარჯზე შექმნილ ნივთებს.
ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ, ტესიტორე სხვადასხვა ბიზნეს-შეთავაზების განხილვას დაიწყებს. დიდი ალბათობით, გამოგონების ავტორი ასეთ შეთავაზებებს მრავლად მიიღებს, როგორც ღვინის საწარმოების, ასევე მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან.
ღვინისა და მოდის ინდუსტრიის გარდა, სიახლით სხვა სფეროებიც შეიძლება დაინტერესდნენ. ცხოველთა დამცველი ორგანიზაცია "პეტას" წარმომადგენელთა თქმით, BMW უკვე აწარმოებს ავტომობილებს ვეგანური ინტერიერით. იგივეს აკეთებენ სხვა ცნობილი ავტო-მწარმოებელი კომპანიები - "ბიუიკი", "შევროლე", "ჰონდა", "ჰიუნდაი" და "ფოლკსვაგენი". იხილეთ გაგრძელება