აჭარის საგზაო დეპარტამენტი ახალი ტექნიკით აღიჭურვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძემ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად საგზაო დეპარტამენტის მიერ შეძენილი ახალი ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.

როგორც  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან იუწყებიან, გზების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, საგზაო დეპარტამენტმა 4 ერთეული თვითმცლელი, 2 ერთეული მტვირთავ-ექსკავატორი, 5 ერთეული პიკაპის ტიპის მაღალი გამავლობის ავტომობილი შეიძინა.

”ხარისხის კონტროლის მიზნით შეძენილი იქნა დეფლექტომეტრის დანადგარი (განსაზღვრავს ასფალტის საფუძვლის ტკეპნის კოეფიციენტს). ასევე 2 ერთეული შმიდტის ჩაქუჩი (განსაზღვრავს ბეტონის მარკიანობას) და 15 ერთეული თერმომეტრი, რაც ასფალტის ტემპერატურის განმსაზღვრელია. მიმდინარეობს ქალაქ ბათუმისა და ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის ახალი საგზაო ნიშნების დამზადება, რომლებიც ბათუმისა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე განთავსდება. სულ წელს დაგეგმილია 2000-ზე მეტი ახალი საგზაო ნიშნის დამზადება. ტექნიკური ზედამხედველებისთვის, გზის მომვლელებისთვის და მექანიზატორებისთვის დეპარტამენტმა ახალი სპეცტანსაცმელი შეიძინა, რომელიც მათი პროფესიული საქმიანობისთვისაა განკუთვნილი”, - განმარტავენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, საგზაო დეპარტამენტის მიერ ტექნიკისთვის 1 500 000 ლარზე მეტი დაიხარჯა, ხოლო სპეცტანსაცმლისა და საგზაო ნიშნების დამზადებისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 000 ლარია გამოყოფილი.