ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალი - ichange.gov.ge შეიქმნება. აღნიშნული დადგენილება მთავრობამ 18 მაისს მიიღო. დადგენილება 22 მაისს ამოქმედდა.
დადგენილების მიხედვით, ელექტრონულ პეტიციაზე ხელმოწერისა და მთავრობის წინაშე ინიცირების უფლება საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს აქვს. ელექტრონული პეტიციის ინიცირებისთვის ან ხელმოსაწერად მოქალაქე ichange-ის პორტალზე უნდა დარეგისტრირდეს. პორტალზე დარეგისტრირება უფასოდ არის შესაძლებელი.
ელექტრონული პეტიციის მიღება და ichange-ის პორტალზე გამოქვეყნება იმ შემთხვევაში მოხდება თუ: იგი შეიცავს მკაფიოდ ფორმულირებულ მოთხოვნას საქართველოს მთავრობის მიერ კონკრეტული რეაგირების განხორციელების შესახებ; ელექტრონული პეტიციით გათვალისწინებულ მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მიღება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებას განეკუთვნება; იგი არ შეიცავს საქართველოს მთავრობის მიერ ერთხელ უკვე განხილულ ელექტრონულ პეტიციაში ასახული მოთხოვნის ანალოგიურ მოთხოვნას; წარდგენილია სახელმწიფო ენაზე; ინიცირებულია საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქის მიერ; აკმაყოფილებს ამ დადგენილებაში მოცემულ სხვა კრიტერიუმებს.
ichange-ის პორტალზე არ გამოქვეყნდება: იმ მოსაზრების/წინადადებების შემცველი პეტიციები, რომელთა თემატიკაც საქართველოს მთავრობის კომპეტენციას არ განეკუთვნება; პეტიციები, რომლებიც გარკვევით და ნათლად არ გადმოსცემენ მოსაზრებას, იდეას/შემოთავაზებას; პოლიტიკური, პროპაგანდის, კომერციული შინაარსის შემცველი პეტიციები; პეტიციები, რომლებიც მოიცავენ შეურაცხმყოფელ, უხამს, გამომწვევი შინაარსის განაცხადებს, ასევე ხუმრობის მიზნით ინიცირებული პეტიციები; სიძულვილის, დისკრიმინაციის, ძალადობის საფრთხის, ინდივიდის ან რომელიმე ჯგუფისთვის ზიანის მომტანი მოწოდებების შემცველი პეტიციები; პეტიციები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ან ისეთი მოწოდების შემცველია, როგორიც არის ომისა და ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, ასევე საქართველოს კანონმდებლობის დაუმორჩილებლობის მოწოდებების შემცველია; პეტიციები, რომლებიც ეხებიან მხოლოდ ერთი კონკრეტული პიროვნების ინტერესებს, პერსონალურ გარემოებას ან საკითხს; სხვაგვარი პეტიციები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ დადგენილებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ელექტრონული პეტიციის განსახილველად და მასზე ოფიციალური პასუხის მისაღებად საჭიროა, ელექტრონულ პეტიციას მხარი არანაკლებ 10 ათასმა მომხმარებელმა დაუჭიროს. ელექტრონულმა პეტიციამ აღნიშნული რაოდენობის ხელმოწერები ინიცირებული ელექტრონული პეტიციის ichange-ის პორტალზე გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეაგროვოს.
აღნიშნულ პორტალზე პეტიციის მხარდამჭერის ვინაობა მხოლოდ ინიციალებით დაფიქსირდება. პეტიციის წარმდგენის ვინაობა კი ყოველთვის სრულად არის წარმოდგენილი.
ამ წესებისა და პირობების შესაბამისად წარმოდგენილ ელექტრონულ პეტიციას, რომელსაც პორტალზე გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არანაკლებ 10 ათასი მომხმარებელი მოაწერს ხელს, მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილი ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისია განიხილავს. ამავე კომისიის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, ელექტრონული პეტიცია შეიძლება განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე.
ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიის (შემდგომში − კომისია) პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მიერ. კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ: მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული და კომუნიკაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი, სამდივნოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში (სამსახურის) წარმომადგენელი; მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის სამთავრობო გეგმებისა და ინოვაციების სამსახურის წარმომადგენელი; პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის ელექტრონული მმართველობის სამსახურის წარმომადგენელი; ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი.