ტერორიზმს, სამწუხაროდ, საზღვრები არ აქვს და მხოლოდ და მხოლოდ ცივილიზებული სამყაროს კონსოლიდირებული ქმედებებით არის შესაძლებელი ტერორიზმის დამარცხება , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთის პრემიერ-მინისტრ, ბინალი ილდირიმთან ერთად გამართულ ერთობლივი პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ის ინგლისის ქალაქ მანჩესტერის არენაზე მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა.
„ჩვენ გამოვხატეთ სამძიმარი ტერორისტული აქტის შესახებ ინფორმაციის შეტყობისთანავე. საკითხი ეხება დიდ ბრიტანეთში მომხდარ საზარელ ტერორისტულ აქტს. ტერორიზმს სამწუხაროდ, საზღვრები არ აქვს. რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ცივილიზებული სამყაროს კონსოლიდირებული ქმედებებით არის შესაძლებელი ტერორიზმის დამარცხება. ტერორიზმის მაგალითები ჩვენ ხშირად გვინახავს. ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, სულ ერთი წლის წინ თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობა, რაც თავისთავად გახლდათ გამოხატულება იმ საშინელი ძალადობისა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო არის ცივილიზებული სამყაროს რიგებში ტერორიზმთან ბრძოლისას.
„ასევე უნდა ითქვას, რომ საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, იმ ცეცხლის ჩაქრობა, რომელიც დღეს მრავლად გვაქვს რეგიონში, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ შემდგომ აუცილებელი იქნება ალბათ, მეტი ეკონომიკური თანამშრომლობა. ორი დღის წინ გახლდით იორდანიაში, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შედგა და მისი ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ განვითარებულ სამყაროსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის მეტი ეკონომიკური თანამშრომლობა გახლდათ, რათა აღმოიფხვრას ის უზარმაზარი ნაპრალი განვითარების დონეებს შორის, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს და არის ერთ-ერთი მიზეზი იმ ტერორისტული ქმედებებისა, რომელსაც გამართლება ნამდვილად არ აქვს. მაგრამ, ჩვენ უნდა შევეცადოთ, მეტი ეკონომიკური თანამშრომლობით, პარტნიორებად გავიხადოთ ქვეყნები, სადაც გვაქვს ტერორიზმის წარმოშობის წყაროები და ამითაც დავეხმაროთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. თუმცა, ტერორიზმის წინააღმდეგ უნდა ვიყოთ აუცილებლად მკაცრი. არ არსებობს კარგი და ცუდი ტერორისტი. ტერორისტი არის კაცობრიობის მტერი და მას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ინგლისის ქალაქ მანჩესტერის არენაზე მომხდარ აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავდა. სისხლიანი თავდასხმა არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში განხორციელდა.