როგორ გამოიყურება „დიდუბის“ მეტროსა და გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორია გარევაჭრობის აკრძალვის შემდეგ (+ფოტო)

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ ,,დიდუბის“ და გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს.

"თბილსერვის ჯგუფის’’ თანამშრომლებმა ტერიტორია დაასუფთავეს.

როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა დაგეგმილი ღონისძიების შესახებ გარემოვაჭრეები რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილეს. თბილისის მერის მოადგილის, გიგა ნიკოლეიშვილის განცხადებით, ამით დედაქალაქში გარევაჭრობის საწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულებულია.

„ბაზრის დირექციასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ 160 გარემოვაჭრე ბაზრის ტერიტორიაზე, 6 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას. ამით დედაქალაქში გარევაჭრობის საწინააღმდეგო ღონისძიებები სრულდება", - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაზრობების ასოციაცია, ექვსი თვის განმავლობაში შეღავათიანი პირობებით, გარემოვაჭრეებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, ადგილებს დაუთმობს, ბაზრობების დირექცია კი მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის. გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ ,,დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ.

თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.

იხილეთ ფოტოგალერეა