ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ახალ კანონთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფია შექმნილი.
მისივე განცხადებით, ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესება არამარტო მედიკამენტების, არამედ მთლიანი სამედიცინო მომსახურებისთვის აუცილებელია.
”ტოტალურმა დერეგულაციამ მოგვიტანა მხოლოდ და მხოლოდ პრობლემები და ნაკლებად იმოქმედა ბიზნესის კონკურენტუნარიანობაზე. ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ახალ კანონთან დაკავშირებით ვიცი, რომ სამუშაო ჯგუფი შექმნილია ჯანდაცვის სამინისტროში, ჩართულები არიან ყველა მხარის წარმომადგენლები. გარკვეულ კონდიციამდე მიყვანილია, თუმცა ვიცი, რომ გარკვეული საკითხები არაა შეჯერებული. ჩვენთან რომ შემოვა პარლამენტში, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ ამ თემებზე. მე მივესალმები ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ხარისხის გაუმჯობესებას ზედმეტი ადმინისტრაციული ბარიერების გარეშე”, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.