მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი ნავთობექსპორტიორი ქვეყნები თანახმა არიან გააგრძელონ დღიური მოპოვების შეკვეცის პაქტი, ნავთობის ფასი დღეს მაინც შემცირდა.
ეს კი გამოიწვია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ ის თანახმაა, შეერთებულმა შტატებმა ნავთობის სტრატეგიული მარაგის ნახევარი გაყიდოს.
ბრენტის მარკის ნედლი ნავთობის ფასი 43 ცენტით, 53.44 დოლარამდე (ბარელზე) შემცირდა. ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალო (WTI) მარკის ფასი კი 42 ცენტით, 50.71 დოლარამდე შემცირდა.
ტრამპის საბიუჯეტო გეგმა, ქვეყნის ნავთობის მარაგის განახევრებას ითვალისწინებს. თუმცა, გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, ის 2018-2027 წლებში უნდა განხორციელდეს. ნავთობის მარაგის გაყიდვა, ქვეყნის ბიუჯეტს 16.5 მილიარდ დოლარს მისცემს. იმავე გეგმის შესაბამისად, ნავთობის მოპოვება შტატ ალიასკას ტერიტორიაზე გაიზრდება.
ბიუჯეტის გეგმა კონგრესს დღეს საღამოს გადაეცემა. თუმცა, ის ჯერ მხოლოდ განხილვის საგანი იქნება და დამტკიცებამდე მასში ბევრი რამ შეიცვლება. თუმცა ის უკვე გვაცნობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გეგმებს, რომელიც ამერიკის ენერგეტიკის სექტორის საფუძვლიან მოდერნიზებას ითვალისწინებს.
საინტერესოა ისიც, რომ გეგმა უცხოეთში ტრამპის პირველი ვიზიტის დასრულების მეორე დღესვე გამოქვეყნდა. ტრამპმა ახლახან საუდის არაბეთი მოინახულა, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ნავთობექსპორტიორი ქვეყანაა და რომელიც ნავთობის გლობალურ ბაზარზე, მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის აღდგენით და ნავთობის ფასის სტაბილურობით არის დაინტერესებული.
ცნობილია, რომ OPEC-ის (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) წევრთა და სხვა მსხვილ ნავთობექსპორტიორთა შეთანხმებით, მოქმედებს გლობალურ ბაზარზე ნავთობის მიწოდების შეკვეცის მორატორიუმი, რომელიც ჯამში დღიურად 1.8 მილიონი ბარელით ნაკლები ნავთობის მიწოდებას ითვალისწინებს. ამის მიზანი კი ბაზარზე ჭარბი მიწოდების შემცირებაა. OPEC-ის წევრი და არაწევრი ქვეყნები პაქტის გაგრძელებას გეგმავენ, რამაც ნავთობის ფასი გაზარდა. თუმცა, ტრამპის გეგმის გამოქვეყნებამ, ფასის კლება გამოიწვია.
ანალიტიკოსთა გათვლით, კონგრესის მიერ, ტრამპის ბიუჯეტის დამტკიცების შემთხვევაში, ამერიკული მარაგის ნაწილის ბაზარზე გამოტანის შედეგად, შემდგომ ათწლეულში დღიური მიწოდება მხოლოდ 95 000 ბარელით გაიზრდება. მსოფლიო ბაზრისთვის ეს ბევრი არაა, თუმცა OPEC-ის გეგმებს მაინც ხელს შეუშლის.
ცნობისათვის, შეერთებული შტატები სტრატეგიული მარაგი დაახლოებით 688 მილიონ ბარელს მოიცავს, რაც გლობალური ბაზრის ერთი კვირის მოთხოვნილებაა.
OPEC-ის და მისი არაწევრი ექსპორტიორების მორიგი შეხვედრა 25 მაისს გაიმართება.