საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და მსოფლიო ბანკის დირექტორმა სტრატეგიისა და პროგრამების დარგში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მარია შერმანმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრას ასევე დაესწრო მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი.
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ესაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე და ასევე სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებთან დაკავშირებით.
სამინისტროს ინფორმაციით, აღინიშნა მსოფლიო ბანკთან განვითარების პოლიტიკის მიმდინარე ორი პროგრამის შესახებ, რომლიდანაც ერთი უკვე დამტკიცდა აღნიშნული ორგანიზაციის მიერ, ხოლო მეორე, რომელიც გაკუთვნილია საქართველოს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობისათვის, მიმდინარე წლის ზაფხულში დამტკიცდება.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს სახელმწიფო სექტორში განხორციელებულმა დაფინანსებამ 1992 წლის შემდეგ დაახლოებით, 2.68 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.