საპარტნიორო ფონდი ერთ-ერთ სახელმწიფო ჩინურ კომპანიასთან და საქართველოში უმსხვილეს ჩინურ ინვესტორ „ჰუალინგთან“ ერთად 10-12 წლიან ბიზნესგეგმაზე მუშაობს. პროექტი საქართველოს ოთხ რეგიონში: სამეგრელოში, იმერეთში, გურიასა და აჭარაში ჩაის რეაბილიტაციასა და ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკა-ქარხნების მშენებლობას ითვალისწინებს.
პროექტის მიხედვით, სხვადასხვა ჯიშის ჩაის კულტურა საქართველოს ოთხ რეგიონში 12 ათას ჰექტარზე გაშენდება. ჩინური მხარე პროექტის განხორციელებისთვის საერთო ჯამში 500 მილიონ დოლარს გამოყოფს. საჭირო ტექნიკა კი ჩინეთიდან გრანტის სახით იქნება მოწოდებული და ქვეყანაში დარჩება.
საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის განცხადებით, საპილოტე პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია.
„წალენჯიხაში დაახლოებით 20 ჰექტარ მიწის ფართობზე პირველი პლანტაცია გაშენდა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ბიზნესი არის საკმაოდ საინტერესო, რადგან ქართული ჩაი ყველაზე მაღალ საფასო სეგმენტში მოხვდება და ჩინური მხარე მზადაა პროდუქცია თავად შეისყიდოს საუკეთესო ფასად. თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, უფლებას ვიტოვებთ, ჩაი გავიტანოთ იმ ქვეყანაში, რომელიც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ საქართველოშივე მოხდება ჩაის გადამუშავება, დაფასოება და პროდუქცია არ გავა ნედლი სახით,“-განაცხადა საგანელიძემ.
მისივე თქმით, ჩინური მხარე საქართველოში ჩაის რეაბილიტაციის პროგრამით ძალიან დაინტერესებულია, თუმცა საკითხი საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში ჯერჯერობით ღიად დგას.
„ჩვენ გაკეთებული გვაქვს ზუსტი საკადასტრო რუკები. სახელმწიფომ ეს ტერიტორიები პროექტის განხორციელებისთვის დროებით განკარგვაში, 49 წლით უნდა დაუთმოს აღნიშნულ პროექტს. უახლოეს ხანებში ჩვენ გვექნება სამთავრობო სექტორთან ამ თემის განხილვა,“- განაცხადა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა.