თბილისში, სექტემბერში ხუთი ახალი საჯარო საბავშვო ბაღი გაიხსნება, რომელიც 1 500-ზე მეტი აღსაზრდელს მიიღებს.
ამის შესახებ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამჟამად თბილისში 10 ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთაგან სექტემბერში ხუთი გაიხსნება. წლის ბოლომდე კი, კიდევ რვა ახალი ბაღის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი.
თორდინავას განცხადებით, ხუთი ახალი ბაღი თბილისში შემდეგ მისამართებზე გაიხსნება: ნაძალადევის რაიონში, ურეკის ქუჩა N4-ში; ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩა N6-ში; ვაშლიჯვრის დასახლებაში; სამგორის რაიონში, სოფელ წინუბანში და გამსახურდიას (პეკინის) გამზირზე N23-ში. მშენებლობა კი მიმდინარეობს სოფელ დიღომში, სოფელ გლდანში, სოფელ ფონიჭალაში, წყნეთში და სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩა N1-ში.
თორდინავამ ბაგა-ბაღებში გატარებულ სისტემურ რეფორმებზეც ისაუბრა. კერძოდ, კვების ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვის გაუმჯობესებაზე და პროფესიული კადრების განვითარებაზე.
„განვავითარეთ სპეცპედაგოგების, ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების ინსტიტუტი, რომელთა გადამზადება ამ ეტაპზე მიმდინარეობს. სექტემბერში თბილისის ყველა საჯარო ბაღში გადამზადებული ლოგოპედი, ფსიქოლოგი და სპეცპედაგოგი გვეყოლება. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ინსტიტუტის განვითარებამ უკვე ძალიან დიდი შედეგი მოგვცა. 800-მდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი გვყავს ბაღებში, რომლებიც ფსიქოლოგებისა და სპეცპედაგოგების მომსახურებას ღებულობენ“, - განაცხადა თორდინავამ.