ავიაკომპანია “თურქეთის ავიახაზები“ თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

თურქეთის რესპუბლიკის ავიაკომპანია “თურქეთის ავიახაზები“ თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყების 20 წლის იუბილეს ხვალ აღნიშნავს.

თურქეთის საელჩოს ინფორმაციით, ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენა 1997 წელს, კვირაში 1 რეისით დაიწყო, ამჟამად, კი ყოველდღიურად 4 რეისს ასრულებს სტამბოლის მიმართულებით. საერთაშორისო გადამზიდავი “თურქეთის ავიახაზები“ 6 ჯერ ზედიზედ იყო „სქაითრაქსის“ „ევროპის საუკეთესო ავიახაზების“ ჯილდოს მფლობელი. იგი ყოველწლიურად აფართოვებს თავის ქსელს და უკვე 300-მდე მიმართულებით დაფრინავს მსოფლიოში.

საიუბილეო საღამო გაიმართება 25 მაისს, 19:30 საათზე, სასტუმრო „ბილთმორში“, რომელსაც დაესწრებიან: თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, თურქეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე ჰუსეინ შაჰინი დეპუტატებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დეპუტატებთან ერთად, „თურქეთის ავიახაზების“ რეგიონალური დირექტორი მუჰამედ ფათიჰ დურმაზი და სხვა მოწვეული პირები. ასევე, სიტყვით გამოვლენ: თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელები და „თურქეთის ავიახაზების“ წარმომადგენელი.