პრაღაში საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, პრაღაში საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი გაიმართა.

როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან იუწყებიან, ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნატო ჩიქოვანმა და ჩეხეთის ეკონომიკის სამინისტროსა და სავაჭრო პალატის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა გახსნეს. გაკეთდა პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ.

ბიზნესფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან 15-მდე კომპანიის წარმომადგენლები გაემგზავრნენ. ძირითადი სფეროები: სოფლის მეურნეობა, სამშენებლო სექტორი, კვების მრეწველობა, მანქანათმშენებლობა, ტურიზმი, რკინიგზა და ენერგოსექტორი. წინასწარ, ქართული კომპანიების ინტერესების შესაბამისად დაიგეგმა შეხვედრები ჩეხურ კომპანიებთან. ბიზნესფორუმის მეორე ნაწილში შედგა ორმხრივი შეხვედრები ორი ქვეყნის ბიზნესსექტორებს შორის, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ პოტენციური ბიზნეს-პარტნიორობის პერსპექტივები განეხილათ. ბიზნესფორუმი პრაღაში საქართველო-ჩეხეთის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში დაიგეგმა. კომისიის სხდომები ჩეხეთის დედაქალაქში 23-24 მაისს გაიმართა.