მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი მოამზადა, რომელიც თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება.
პროექტის ინიცირება დღეს იგეგმება. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია განმარტავს, კანონში დაგეგმილი ცვლილებები იმ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის კრიტერიუმებს შეეხება, რომელთაც სამწლიანი სამოსამართლეო გამოცდილება გააჩნიათ.
"პროექტში გათვალისწინებულია, რომ ვისაც აქვს სამწლიანი სამოსამართლეო გამოცდილება და აკმაყოფილებს კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დადგენილი პროცედურებით და კრიტერიუმებით შეაფასებს და განხილვის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას მის უვადოდ გამწესებაზე, ხოლო ვისი შეფასებაც შეუძლებელია ობიექტური გარემოებების გამო, მათთვის შეიძლება იყოს სამწლიანი გამოსაცდელი ვადა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა", - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.