ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა აუდიტის სამსახური მე ჩამებარებინა , - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა. მისივე თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაზე უარი განაცხადა, დღეს კი ამ გადაწყვეტილებას ნანობს.
როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, თორდია-ფარცხალაძის ინციდენტთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებმა სწორი პოზიცია დაიკაონ, მაღალი რანგის პოლიტიკოსებმა კი მკაფიო გზავნილები გააჟღერონ. მისივე განცხადებით, ის რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობის საკითხზე ივანიშვილის შეთავაზებას დათანხმებოდა, ოთარ ფარცხალაძე მსგავს ქმედებას ვერ ჩაიდენდა. ექსპერტი ამ კონტექსტში საუბრისას თორდიასთან მიმართებით არსებულ კომპრომატებზეც საუბრობს, რომელიც მისი თქმით, მოქმედ აუდიტს ”ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდიდან გადმოყვა.
”ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა მქონდა ბიძინა ივანიშვილთან, სადაც მან მითხრა, რომ ალბათ ჩვენებსაც გაუჩნდება ფულის შოვნის ინტერესიო და მთხოვა აუდიტის სამსახური ჩამებარებინა, რათა ეს ვერ გაებედათ. ამ შეთავაზებაზე უარი ვუთხარი, რადგან გადაწყვეტილი მქონდა, სისტემაში არ დავრჩენილიყავი. დღეის მდგომარეობით სანანებელი გამიხდა ის გადაწყვეტილება, რაც მაშინ მივიღე.
თუ მე და ივანიშვილს კამათი მოგვსვლია, იყო ეს საკითხი. ის მეუბნებოდა, რომ მე ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა, ქვეყანას ასე სჭირდებოდა, მე კი კატეგორიული უარი ვუთხარი. ეს საუბარი ურეკში შედგა. თორდია წინა ხელისუფლებისგან კომპრომატებით დამძიმებული გადმოვიდა. ფარცხალაძე ამას ჩემთან ვერ გაბედავდა”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.