ჰაკერების მიერ რამდენიმე კვირის წინ განხორციელებული ვირუსული შეტევის შედეგად მიყენებულმა ზარალმა მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
ინტერნეტ სპეციალისტების შეფასებით, ვირუსმა სახელწოდებით WannaCry მსოფლიოს 150 ქვეყანში 300 ათასზე მეტ კომპიუტერში შეაღწია. კომპანია KnowBe4-ის სპეციალისტის სტივენ სიუვერმანის განცხადებით, ვირუსის შედეგად მიყენებული ზარალის მოცულობა შესაძლოა ზუსტი არ არის, თუმცა სავარაუდოდ, პირველი 4 დღის განმავლობაში ფინანსური დანაკარგის რაოდენობა მილიარდ დოლარს აჭარბებს.
ზარალის შეფასება მოხდა კომპანიების მიერ წარმოების შეჩერების დათვლით, ასევე გათვალისწინებული იყო სხვადასხვა ფაქტორები, რომელიც გამოიწვია სწორედ ამ ვირუსით დაინფიცირებამ. KnowBe4-ში ფიქრობენ, რომ ამგვარი კიბერ თავდასხმები უახლოეს მომავალშიც შესაძლოა განხორციელდეს.
ვირუსი „გამომძალველის“ შეტევა 12 მაისს დაიწყო და მან 300 ათასამდე კომპიუტერი დააზიანა. ის მომხმარებლისგან კომპიუტერულ სისტემაში კვლავ შესვლის სანაცვლოდ 300-დან 600 დოლარამდე თანხას ითხოვდა ბიტკოინების სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მომდევნო სამი დღის განმავლობაში კომპიუტერში არსებული მონაცემების წაშლით იმუქრებოდა.
სხვადასხვა კომპიუტერული ლაბორატორიების ეჭვით, აღნიშნული ვირუსი შექმნეს ჰაკერებმა დაჯგუფებიდან Lazarus, რომელიც ეჭვმიტანილია ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებასთან კავშირში.
კოკა კვირკველია